ახალი ამბები

ფრთხილად იყვნენ, ივანიშვილის სასახლის ნაცვლად ციხეში არ აღმოჩნდნენ – ღარიბაშვილი ენმ-ზე

22 მაისი, 2019 •
ფრთხილად იყვნენ, ივანიშვილის სასახლის ნაცვლად ციხეში არ აღმოჩნდნენ – ღარიბაშვილი ენმ-ზე

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს.

ღარიბაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აფრთხილებს და მოუწოდებს “ფრთხილად იყვნენ, სასახლის ნაცვლად ციხეებში არ აღმოჩნდნენ”:

“ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტია, ენმ გამოვიდა ახალი გეგმით, რომ მათი გეგმაა რეგიონებში ფრონტის გაშლა, საპროტესტო აქციების ჩატარება და, საბოლოო ჯამში, როგორც ქარლბატონი რულოვსი აცხადებს, უნდათ, რომ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან დაასრულონ ეს აქცია.

პირდაპირი მოწოდებებიც მოვისმინეთ ჩვენ ამ რადიკალიზაციის მიმართულებით. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელი. ეს ადამიანები მინდა გავაფრთხილო, რომ ფრთხილად იყვენენ, სასახლის ნაცვლად არ აღმოჩნდნენ ციხეებში”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

20 მაისს სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ 19 მაისის ჩატარებული არჩევნები სპეცოპერაცია იყო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. “გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებდა, რომ საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს და ივანიშვილის შუშის სასახლესთან დასრულდეს:

“გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ, რაც არც იყო არჩევნები, არამედ სპეოპერაცია, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპტროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, შემდეგ კი ის მთელ ქვეყანას გადაედება და დამთავრდება თბილისში, მთაწმინდაზე, ივანიშვილის შუშის სასახლესთან. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედებები და ე.წ. მმართველობა ყველანარ ზღვარს გადასცდა”, – ამბობდა რულოვსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი