ახალი ამბები

სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ

22 მაისი, 2019 •
სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ

თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში საპილოტე პროქტი განხორციელდება, რომელიც სანაგვე ურნების მიწის ქვეშ განთავსებას ითვალისწინებს. კახა კალაძემ დღეს საპილოტე პროექტის განხორციელება “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორს, ლევან ჯღარკავას დაავალა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალში სხვა რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გამზირებზეც განხორციელდება:

უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩვენ მთლიანად ვაწესრიგებთ ამ გამზირს თავისი კომუნიკაციებითა თუ გარე განათებებით, საფეხმავლო ბილიკებით და ავტობუსის ზოლებით. ამ პროექტის ფარგლებში, “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორს, ლევან ჯღარკავას მინდა, საპილოტე პროექტის განხორციელება დავავალო, რომლის მიხედვითაც, სანაგვე ურნებს, რომელიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. არც ვიზუალურად არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე, გზაზე განთავსებული ურნები და უამრავ სხვადასხვა პრობლემასაც ქმნის. შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და, რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც იფოქრონ. მისი თქმით, რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი