ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გაფორმებულ კონტრაქტში ცვლილება შედის.
საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 17 მაისით დათარიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, სამსონ ურიდიას მიენიჭა უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილების წერილ-შეთანხმებას.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ცვლილება შედის ნეიტრალურ შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საუბარია ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე.
“კონტრაქტს ვადა ეწურებოდა ივნისში და ვადა გაუგრძელდა. მხოლოდ ამ ცვლილებაზეა საუბარი”, – განაცხადა აბაშიძემ.
შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, რომელმაც რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებისამებრ, ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განახორციელოს, საქართველომ კონტრაქტი 2017 წლის 19 დეკემბერს გააფორმა, თუმცა მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი რჩება.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმი დააარსონ. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს და შემდეგნაირად მუშაობს: ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით, ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ.
ნეიტრალურ კერძო კომპანიად, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, SGS (Societe Generale de Surveillance SA) შეირჩა.