ახალი ამბებიხელოვნება

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

21 მაისი, 2019 •
მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ციხე-სოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი.

2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს და “საზოგადოების რჩეულის” პრიზის მოსაპოვებლად საშუალება გეძლევათ 15 სექტემბრის ჩათვლით ხმა მისცეთ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს.

ხმის მიცემის პროცედურა და წესები იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი “ქართუ”) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი