ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მე-6 დღეა გრძელდება

21 მაისი, 2019 •
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მე-6 დღეა გრძელდება

ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელები უკვე მე-6 დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.

გაფიცვის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს 15-მდე დასაქმებული. მათ ქალაქის ცენტრში კარვები აქვთ გაშლილი. როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივ პროფკავშირში განუცხადეს, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასების 10-პროცენტიანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ამ პირობას არ დასთანხმდნენ და გაფიცვას აგრძელებენ.

მაღაროელებთან შესახვედრად 17 მაისს ჭიათურაში ჩავიდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ კომპანიისგან ყველა მოთხოვნის შესრულების პირობა მიიღეს.

თუმცა, როგორც პროფკავშირში ამბობენ, “ჯორჯიან მანგანეზი” ხელფასების მხოლოდ 10-პროცენტიან გაზრდაზეა თანახმა. ამას გარდა, ზოგიერთი დასაქმებულისთვის, ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ხარჯზე, დამატებით  მოხდება სხვადასხვა ოდენობით ხელფასის გაზრდა, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია, რადგან ისინი ყველა გაფიცულისთვის ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ:

“იყო შეხვედრა. შესთავაზეს 10 პროცენტის მომატება ყველასთვის და ამის გარდა, უთხრეს ადმინისტრაციის რეორგანიზაცია მოხდება და გამოთავისუფლებული თანხები თქვენს სახელფასო ფონდში განაწილდებაო, თუმცა ყველას თანაბრად შეიძლება ვერ მოგიმატოთ ხელფასებიო”, – ამბობს პაატა სამხარაძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ჯორჯიან მანგანეზს” და ჰკითხა, რაზე შეთანხმდნენ კომპანიის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ლიდერებთან. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიისგან დასაქმებულების ყველა მოთხოვნის შესრულების დაპირება მიიღო, გულისხმობდა თუ არა ხელფასის 50-პროცენტიანი მატებასაც.

ამ კითხვის საპასუხოდ კომპანიიდან მოგვწერეს:

“გაფიცვის დაწყებიდან დღემდე „ჯორჯიან მანგანეზი“ პრობლემის მოგვარების მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გაფიცულ თანამშრომლებთან ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში ის ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება”, – მისწერეს “ნეტგაზეთს” “ჯორჯიან მანგანეზიდან”.

თავდაპირველად ჭიათურაში მხოლოდ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დასაქმებულები გაიფიცნენ, თუმცა გაფიცვის მეორე დღეს მათ დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდნენ, რამაც ადგილობრივი პროფკავშირის თქმით, მაღაროს პალარიზება გამოიწვია.

ვრცლად ჭიათურაში დასაქმებულების შესახებ წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი