ახალი ამბები

“ეს იყო ხუმრობა და შარჟი” – მშობლები 51-ე სკოლის მოსწავლეების კლიპზე

21 მაისი, 2019 • 2030
“ეს იყო ხუმრობა და შარჟი” – მშობლები 51-ე სკოლის მოსწავლეების კლიპზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში 51-ე სკოლის ბოლო ზარისთვის მიძღვნილი სიმღერის კლიპი გავრცელდა. კლიპს მალევე მოჰყვა კრიტიკა, რომლის მიხედვითაც, სიმღერა ე.წ. “ქურდულ მენტალიტეტს” და “კარგ ტიპობას” დადებითად წარმოაჩენს.

როგორც კლიპში მონაწილე მოსწავლეების მშობლები ჰყვებიან, კლიპის პირველ ვერსიაში ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიცაა პრობლემის “ქურდული მოგვარება” და “ობშიაკის” აკრეფა. თუმცა, მშობლები, მოსწავლეები და კლიპის რეჟისორი გიორგი ლასარეიშვილი ამბობენ, რომ კლიპი იყო ხუმრობა და შარჟი.

რეჟისორი ამბობს, რომ კლიპი ატვირთვიდან ცოტა ხანში წაშალეს და პრობლემური სიტყვები შეცვალეს, თუმცა ეს სკოლის მხრიდან ზეწოლის შემდეგ მოხდა.

“კლიპის ატვირთვისთანავე კლასის მოსწავლეები და მე, გიორგი ლასარეიშვილი(რეჟისორი), საშინელი ზეწოლის ქვეშ ვართ. გვაიძულებენ წავშალოთ ვიდეო, რომლისთვისაც დაუზარელად ვიშრომეთ. ზეწოლა უშუალოდ მოდის კლასის დამრიგებლისგან, რომელიც სავარაუდოდ ასევე ზეწოლის ობიექტია სკოლის დირექტორისგან და ყველაფერი ჯაჭვურად არის მიბმული. ამ დროის განმავლობაში ყველანაირ ღონეს ხმარობენ, რომ მიზანს მიაღწიონ.

სამწუხაროდ, ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ ამ ბრძოლაში და წავედით გარკვეულ დათმობაზე. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება (კლიპის მონაწილეებთან ერთად ) წავშალო 51-ე სკოლის 12/4 კლასის კლიპი ზუსტად იმ ზეწოლის გამო, რომელიც ჩვენზე იყო, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ განახლებულ ვერსიას, სადაც მოგვიწევს ჩვენს იდეებსა და სურვილებზე უარის თქმა”, – წერს გიორგი ლასარეიშვილი ფეისბუკზე.

გარდა რეჟისორისა, ზეწოლაზე საუბრობენ მშობლებიც. მშობლებმა დღეს, 21 მაისს,  ბრიფინგიც გამართეს, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა რუსუდან ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ სიმღერის ორივე ვერსიის შესახებ  მშობლებმა თავიდანვე იცოდნენ და მასში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავდნენ.

“რაც შეეხება კლიპის გადაღებას, ეს იყო ხუმრობა, ეს იყო ბავშვების გადაწყვეტილება, რომელშიც არავინ ჩარეულა არცერთი მშობელი, თუმცა ჩვენ ეს ტექსტი მოსმენილი გვქონდა, მაგრამ არცერთს გვიფიქრია, რომ მასში “ქურდული მენტალიტეტი” ჩანს. თავიდან, დამრიგებელმა ამის შესახებ არ იცოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ მასწავლებელსაც მიეღო მონაწილება ამ კლიპში და ჩავრთეთ ისე, რომ მან საერთოდ არ იცოდა ამ კლიპის შესახებ.

“ქურდულად” –  ეს იყო უბრალოდ შარჟი, ამ სიტყვის ზუსტი განმარტება არ იყო გამოყენებული, იყო ბავშვური დამოკიდებულუბა. და მინდა ვთხოვო ყველას – ძალიან ცუდი კომენტარები იწერება ამასთან დაკავშირებით და ზედმეტ კუდებს ნუ მოაბამენ ამ ყველაფერს. არ შეიძლება ბავშვებს გადააბრალონ ყველაფერი უაზრო კომენტარებითა და დამოკიდებულებით” ,- ამბობს რუსუდან ჩაჩანიძე.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ პირველ ვერსიაში სიტყვა “ობშიაკიც” ფიგურირებდა, თუმცა, სიტყვა და ხუმრობა ეხებოდა ლობიანისა და “კოკა-კოლის” ყიდვას და არა რაიმე კრიმინალურს. მისი თქმით, ბავშვები ხშირად საჭმლის ფულს ერთად აგროვებენ და ერთ მოსწავლეს უშვებენ პროდუქტებზე –  და სწორედ აქედან წამოვიდა “ობშიაკის”  შესახებ ხუმრობა.

“იყო ძალიან დიდი ზეწოლა… პირველმა ვერსიამ გამოიწვია ძალიან დიდი შთაბეჭდილება, თუმცა მშობლები თანახმა ვიყავით, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა და პირველი ვერსია გამოგვექვეყნებინა. ჩვენ აქ ვერაფერს კრიმინალურს ვერ ვხედავდით. თუმცა იყო გარკვეული ზეწოლა, არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ ეს დაპირისპირება იყო შიგნიდან”, – ამბობს მშობელი.

გარდა ამისა, რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ კლიპსა და მის მონაწილეებს არანაირი კავშირი არ აქვთ 20 მაისს სკოლის მიმდებარედ მომხდარ ჩხუბში. მისი თქმით, იმ დროს, რა დროსაც ჩხუბი მოხდა, ყველა მეთორმეტეკლასელი სკოლის დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ბოლო ზარი აღინიშნებოდა.

ნეტგაზეთმა მიმართა სკოლას კომენტარისთვის, თუმცა, 51-ეში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. სკოლიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი