ნეტგაზეთი | ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე კომერციულ რისკს მთავრობა არ დააზღვევს – მინისტრი ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე კომერციულ რისკს მთავრობა არ დააზღვევს – მინისტრი – Netgazeti
RU | GE  

ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე კომერციულ რისკს მთავრობა არ დააზღვევს – მინისტრი

მთავრობა ანაკლიის პორტის ტვირთბრნუნვაზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 12 მაისს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რადგან სესხის დაფარვისთვის საჭირო თანხა კონსორციუმმა პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლით უნდა გადაიხადოს, 4 ბანკი ითხოვს, რომ ტვირთების რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს.

დღევანდელ შეხვედრას მთავრობის, ანაკლიის კონსორციუმისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), OPIC-ის (კერძო საინვესტიციო კორპორაცია), ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი), AIIB-ის ( აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ტვირთბრუნვის რისკი თავად პორტის მშენებელმა კონსორციუმმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

“ერთი საკითხი, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა. მინდა კარგად გავმიჯნო- არსებობს ფორსმაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული და საკანომდებლო რისკები. ყველა ამ რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ. რაც შეეხება საკუთრივ ბიზნესრისკს, არასწორად მიგვაჩნია ამ რისკის აღება. ამის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და, ვფიქრობ, მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართება,” – აცხადებს მაჭავარიანი.

როგორც ის ამბობს, კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ამასთან დაკავშირებით კითხვები იმ ბანკებსაც აქვს, ვისგანაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ცდილობს 400 მლნ აშშ დოლარის სესხი მიიღოს და სწორედ ამიტომ ითხოვენ საფინანსო ინსტიტუტები კომერიცული რისკების დაზღვევას.

“ისინი სრულად კონფორტულად არ გრძნობენ თავს იმ ბიზნესმოდელში, რაც კონსორციუმს აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაკეთდეს, მიწების გამოსყიდვაში დავეხმაროთ, ასევე, 100 მლნ აშშ დოლარს გამოვუყოთ [ანაკლიის განვითარების კონსორციუმს], ეს ყველაფერი ძალაშია. ამას გარდა, კიდევ წავედით ბევრ შემხვედრ ნაბიჯზე. თუ მთლიანად ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ კომერციული კომპონენტი სად არის?!”-ამბობს მაჭავარიანი.

შეხვედრის შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ტვირთბრუნვის დაზღვევის საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, საუბარია არა ტვირთბრუნვის გარანტიაზე, არამედ პორტში ტვირთების მოძრაობის რისკების დაზღვევაზე.

“ამ დილის შეხვედრის ამოცანა არ იყო შეთანხმების მიღწევა, ეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო დღევანდელი შეხვედრით ერთობლივი მუშაობისთვის საფუძველი შევქმენით,”-ამბობს ჯაფარიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.