ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ოპოზიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა

21 მაისი, 2019 • 1600
აფხაზეთში ოპოზიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების მოთხოვნით გამოსული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების აქცია სოხუმში გრძელდება. ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა დამუმორჩილებლობა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც დე ფაქტო პარლამენტმა 20 მაისს მხარი არ დაუჭირა არჩევნების გადავადების კანონპროექტს.

აქციის მონაწილეებმა გუშინ ღამით ენგური-ფსოუს მაგისტრალიც გადაკეტეს, თუმცა, ამ დროისთვის გზა უკვე გახსნილია.

ამავე დროს, დე ფაქტო ხელისუფლება, მათ შორის პროკურატურა, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ გაამწვავონ წინასაარჩევნო ვითარება.


საპრეზიდენტო არჩევნების 2019 წლის 23 ნოემბრამდე გადადების მოთხოვნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ზაფხულში, 21 ივლისს გაიმართება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე გართიანებული ოპოზიციური კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიცია მოითხოვდა, არჩევნები ზაფხულის ნაცვლად შემოდგომით ჩატარებულიყო.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობს.

ასეევ, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ვის სურს დე ფაქტო პრეზიდენტობა აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი