მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია არჩევნების მე-2 ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. ნეტგაზეთთან საუბრისას გეგელია რამდენიმე მიზეზის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ კლასს საზოგადოების ნდობა არ აქვს. ამასთან, გეგელია ამბობს, რომ მე-2 ტურში გასული არცერთი კანდიდატი არ ლობირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შრომის უფლებები, ეკოლოგია და სხვა.
“არ ვაპირებ მე-2 ტურში რომელიმე კანდიდატს მივემხრო. მე ვერ დავუჭერ მხარს იმას, ვინც არცერთ ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხს არ ლობირებს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ჩავერთეთ ძალიან რთულ და სასტიკად უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში იმისთვის, რათა გვეთქვა, რომ არსებობს ალტერნატიული განვითარების იდეები. ქართული პოლიტიკის მანკიერება მგონია, რომ მხოლოდ ცვლილებაზე კეთდება აქცენტი. ჩვენთვის მთავრია სწორი შინაარსით შეიცვალოს ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი. ამიტომ, რადგან ვერ ვხედავ, რომ რომელიმე მათგანი ამას აპირებს, არცერთს ვემხრობი. ზოგადად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიცია იყოს ძლიერი, მაგრამ აქ პრინციპი ჩემთვის არის ის, რომ პარლამენტში ახლაც ზის არაერთი ოპოზიციონერი, მაგრამ ისეთი საკითხები, როგორიცაა შრომის უფლებები, ეკოლოგია და სწორი განვითარება – ეს საკითხები მაინც არ დგას დღის წესრიგში. გამოდის, რომ ოპოზიცია არ ლობირებს იმ საკითხებს, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია”,-ამბობს გეგელია.
მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ სამართლიანობასთან დაკავშირებით მე-2 ტურში გადასული კანდიდატის, შალვა შავგულიძის მოსაზრებებს იზიარებს.
“შალვა შავგულიძეს პირველ რიგში სამართლიანობის კონტექსტში განვიხილავ, რაც არის მისი ერთადერთი თემა. ამავე დროს მისი პოზიციები სამართლიანობის საკითხზე ჩემი პოზიციების იდენტურია. ამ საარჩევნო კამპანიამდე და ახლაც ვამბობ, რომ კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოში მიმდინარე პროცესები. მაგრამ დღევანდელი ვითარება გადის ორ პარტიულ ხაზზე, ხოლო ჩვენი კამპანიის მთავარი აზრი იყო იმის თქმა, რომ ჩვენ არცერთი მთავარი პარტია არ გვინდა. არ გვინდა სულ წარსულის თემატიკაზე იყოს საუბარი, საუბარი უნდა მიდიოდეს განვითარებასა და მომავალზე, ამას კი არცერთი კანდიდატი მთაწმინდის არჩევნების მე-2 ტურში არ გვთავაზობს”,-ამბობს გეგელია.
ცესკოს თანახმად, მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის დათვლის შედეგები ასეთია:
- ლადო კახაძე — 41%
- შალვა შავგულიძე — 36.83%
ამ მონაცემებით, ამ ორ კანდიდატს შორის ინიშნება II ტური.
ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი შავგულიძეს მეორე ტურში
ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი შავგულიძეს მეორე ტურში