ახალი ამბები

გირჩი მთაწმინდაზე II ტურში მხარს არავის დაუჭერს

20 მაისი, 2019 •
გირჩი მთაწმინდაზე II ტურში მხარს არავის დაუჭერს

“გირჩი” მე-2 ტურში გასული რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. მთაწმინდის ოლქში “გირჩის” კანდიდატმა ჰერმან საბომ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არასწორია, საკუთარი ამომრჩეველს მოუწოდო, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

“გირჩის ამომრჩეველი, ზოგადად, პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე  განათლებული მგონია ქვეყანაში. ისინი ამიტომ უჭერენ  მხარს გირჩს. ასეთი ადამიანებისთვის გამოსვლა და მოწოდება, როგორ მოიქცნენ, არასწორი მგონია. ჩემთვის რომ გაეკეთებინა რომელიმე კანდიდატს, რომელსაც მე მხარს დავუჭერდი და  ეთქვა, ახლა იმას მიეცი ხმა, რადგან მე ასე გითხარიო, ამას შეურაცხყოფად მივიღებდი. არასწორი მგონია ეგ ნარატივი, რომ მე-2 ტურში ვიღაცამ ვიღაცას აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროს და ხმები იქით გადალაგ-გადმოლაგდება. მგონია, რომ თითოეული ამომრჩეველი, რომელიც მთაწმინდაზეა რეგისტირებული, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას,” – ამბობს საბო.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თავად რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს არჩევნების მე-2 ტურში, შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში “გირჩის” კანდიდატი ამბობს, რომ მთაწმინდაზე ხმას არ აძლევს, შესაბამისად, პოზიცია ვერ ექნება.

“გირჩის თითოეული ამომრჩეველი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ურჩევნია: მისცეს ხმა სახელისუფლებო კანდიდატს და ამით ხელისუფლება კომფორტის ზონაში დატოვოს, რის შემდეგაც “ქართული ოცნება” მეტ შეცდომას დაუშვებს 2020 წლის არჩევნებამდე და ოპოზიციას ხელისუფლების ჩანაცვლების მეტი შანსი ექნება, თუ შავგულიძეს მისცემს ხმა. ოპოზიციის გამარჯვება “ოცნების” შიგნით გამოიწვევს შეგრძნებას, რომ გემი იძირება და პარტიის დატოვებას დაიწყებენ. ეს ორივე ნარატივი ლეგიტიმურია და რომელია სწორი, ეს თითოეულმა გირჩელმა გადაწყვიტოს”, – აცხადებს ჰერმან საბო.

არჩევნების წინასწარი შედეგებით მთაწმინდის ოლქში გირჩის კანდიდატი მე-4 ადგილზე გავიდა და ხმების  4.76% აიღო. ცესკოს თანახმად, მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის დათვლის შედეგები ასეთია:

  • ლადო კახაძე — 41%
  • შალვა შავგულიძე — 36.83%

ამ მონაცემებით, ამ ორ კანდიდატს შორის ინიშნება II ტური.

ამავე თემაზე

ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი შავგულიძეს მეორე ტურში

მასალების გადაბეჭდვის წესი