საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ-მ 2018 წლის მარტში ფეისბუკით არასრულწლოვანი გოგო გაიცნო, რომელსაც სოციალური ქსელის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გააგზავნინა, შემდეგ კი მასთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ-ს მოთხოვნით გოგომ ინტიმური ფოტო-ვიდეოფაილები გადაიღო და მ.თ-ს გაუგზავნა.
2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა 16 წლის ნატა ბოლქვაძეს, რის შემდეგაც მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგომ 2018 წლის 15 აგვისტოს მშობლების სახლში თავი მოიკლა.
სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
“არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ, ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა… არ ვიცი, რატომ არ გამენდო მე, მის დედას, მე- მის მეგობარს, მე- მის სათაყვანოს… რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს…. მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ, თორემ არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა… ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა… ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა, დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ, უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან…” – აღნიშნული პოსტი ფეისბუკზე ნატა ბოლქვაძის დედამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ადამიანთა ნაწილმა გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ სწორედ არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის განსჯა დაიწყო.
ჩემი შვილის სექსუალური ცხოვრების დეტალები ინსტაგრამზე გაავრცელეს | ზეპირი ისტორია