საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას რამდენიმე სამართალდარღვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც 5 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე:
„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება – ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე”, – თქვა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, სახეზეა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა:
“სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას – პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში. პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.