ახალი ამბები

2017 წლისაა — ნაცვლიშვილი ფარულ ჩანაწერზე, სადაც ზუგდიდში მოსყიდვა-გატაცებაზე საუბრობენ

19 მაისი, 2019 •
2017 წლისაა — ნაცვლიშვილი ფარულ ჩანაწერზე, სადაც ზუგდიდში მოსყიდვა-გატაცებაზე საუბრობენ

ყოფილი გენერალური დირექტორი, ინტერნეტტელევიზია „პოსტივის“ დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული კადრები, — სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ [„ზემოდან“] „თანხმობაა მიღებული“ მოსყიდვასა და დაშინებაზე, — ორი წლის წინანდელი ჩანაწერია და ეს დავალება „ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან არ გაუციათ.

„ეს დავალება გაცემული ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა. ეს ჩანაწერი არის ორი წლის, გაკეთებულია 2017 წელს. შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნებოდა „ქართული ოცნების“ შტაბიდან გასული“, — თქვა 19 მაისს ნაცვლიშვილმა რუსთავი2-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად. ნაცვლიშვილს არ უთქვამს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას.

ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. არხის ცნობით, ვიდეოში ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, გია დანელია, ამბობს, რომ მიღებული აქვთ დავალება, არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმის მისაღებად „ნებისმიერი მეთოდით მოისყიდონ ამომრჩეველი, ან დააშინონ და, თუ საჭირო იქნება, გაიტაცონ კიდეც“. ამასთან, იგივე ხმა ამბობს, რომ გალელ „მაყურებელს“, კრიმინალურ ავტორიტეტს“ ხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

გია დანელიამ განაცხადა, რომ კადრებში მისი ხმა არ ისმის და ვიდეო „ფალსიფიცირებულია“. „რას ბრძანებთ, არა, არა, გამორიცხულია. არა, მე არა ვარ. ნამდვილად არა“, — თქვა მან.

ჩანაწერში ასეთი შინაარსის საუბარია: „ახლა, ასე, ოთხი დღის წინ, თათბირზე ვიყავით. თბილისიდან იყო წარმომადგენელი. წინაზე ბავშვი რომ გაგვილახესო… ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა მო****ათო. მოსყიდვაა — მოისყიდეთო, გასატაცებელია — ყველაფერზე თანხმობაა მოცემული. ჩვენ უნდა მოვიგოთ 50-ს პლუს ერთი ხმით, რადგან სამი ოპოზიციური პარტიაა. ჩვენთვის სადღაც 50 ხმა აქვს წართმეული სიჭინავას, ამ ნაბო*არს, თახსირს, ამ მიშას“…

მასალების გადაბეჭდვის წესი