ახალი ამბები

საია: გამოიკვეთა ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია

19 მაისი, 2019 •
საია: გამოიკვეთა ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, არჩენებზე დაკვირვების პროცესში ერთი ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა. ინცინდენტები მოხდა #9, #95 და #97, #87 საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე:

“ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეოგადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეოკადრებზე ზუგდიდის ოლქის #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, საიას დამკვირვებლების თქმით, ფარულობის პრინციპი ირღვევა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს.

საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილობიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირთა დიდი რაოდენობა იმყოფება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა და მან უნდა უზრუნველყოს სადამკვირვებლო სივრცის სამართლიანი განაწილება ისე, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს დაბრკოლებები არ შეექმნათ ამომრჩევლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი