უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელია, პოლიცია მართლწესრიგს დაიცავს — გახარია ზუგდიდზე

„რაც უნდა მოხდეს, პროვოკაცია იქნება ეს თუ უბრალო სამართალდარღვევა, ყველა შემთხვევაზე პოლიციასა და შსს-ს სწრაფი და მკაცრი რეაგირება ექნება, განურჩევლად მხარეებისა“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით.

19 მაისის დილას გახარია გამოეხმაურა ზუგდიდში წინა დღით მომხდარ გასროლის ფაქტს. შსს-ს  ცნობით, 18 მაისის საღამოს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იმავე საღამოს ორ ადამიანს ბრალი წაუყენეს.

გახარიას თანახმად, „ყველა შემთხვევაზე პოლიციას ისეთივე სწრაფი და მკაცრი რეაგირება ექნება, განურჩევლად მხარეებისა, ისევე როგორც [ზუგდიდში] გასროლის დროს“. მისივე თქმით, იარაღი, საიდანაც ისროლეს, „არ იყო საბრძოლო იარაღი“.

გახარიას ცნობითვე, ზუგდიდში, სადაც მერის არჩევნები იმართება, დამკვირვებელთა „უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული ამ ქალაქისთვის და, საერთოდ, საარჩევნო სისტემისთვის“.

„სწორედ ამაზე პასუხად არის შსს-ს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, — განაცხადა გახარიამ მთაწმინდის ოლქში, მე-5 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

19 მაისს თბილისსა და რეგიონების ნაწილში არჩევნები იმართება. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული დაძაბულობა იყო ზუგდიდში. აქ მერობისთვის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იბრძვის. მისი კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შენგელიაა. წინასაარჩევნო პერიოდი დატვირთული იყო როგორც სიტყვიერი, ისე – ფიზიკური დაპირისპირებით.

თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში უნდა აირჩიონ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნულ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა.

დღეს ასევე მერებს ირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ნახეთ ასევე:

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com