ახალი ამბები

რას ჰპირდება ზუგდიდს მერობის 3 კანდიდატი [ხედვები]

18 მაისი, 2019 • 1498
რას ჰპირდება ზუგდიდს მერობის 3 კანდიდატი [ხედვები]

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კორუფციაში ბრალდებულმა ლაშა გოგიამ 2018 წლის 12 სექტემბერს თანამდებობა დატოვა. 19 მაისს დანიშნულ, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრირებულია 16 კანდიდატი, თუმცა წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მთავარი ბრძოლა, მოსალოდნელია, რომ გიორგი შენგელიასა (“ქართული ოცნება”) და სანდრა რულოვსს (“ნაციონალური მოძრაობა”) შორის გაიმართება. 

ვინ არიან და რა ხედვები აქვთ ძირითად კანდიდატებს?

კანდიდატების სრული სიის სანახავად დააჭირეთ აქ:

  1. მამუკა გერმანიშვილი, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – №1
  2. გოგიტა ბიგვავა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – №4
  3. სანდრა ელისაბედ რულოვსი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – №5
  4. შავლეგი თოდუა, „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – №8
  5. სოფიო კანდელაკი, “თავისუფალი საქართველო” – №9
  6. ლიკა ბუკია,  „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – №21
  7. დათა გაბეჩავა, „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები”, – №23
  8. ალექსი ნონიაძე, „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – №27
  9. პაატა პირტახია , „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – №31
  10. მალხაზ ლეჟავა, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – №33
  11. გიორგი ჩიაშვილი, „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ) – №38
  12. ნანი ხუციძე, „ქრისტიან‐კონსერვატორები” – №39
  13. გიორგი შენგელია, „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – №41
  14. დომენტი სიჭინავა, საინიციატივო ჯგუფი – №42
  15. თენგიზ ჯგუშია, საინიციატივო ჯგუფი – №43
  16. დავით თორდია, საინიციატივო ჯგუფი – №44

 

გიორგი შენგელია

38 წლის ყოფილი ბანკირი გიორგი შენგელია 2018 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. ამბობს, რომ ზუგდიდის მერის პოსტზე “კონკრეტული სამოქმედო პროგრამით მოდის”, რომელიც ინფრასტრუქტურის განახლებას და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ზრდას ითვალისწინებს.

მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატების წარდგენა; ფოტო: “ქართული ოცნების” ვებგვერდიდან

ზუგდიდს სჭირდება ინფრასტრუქტურის განახლება, რა პროცესიც უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩემი მერობის პერიოდში მთლიანად მოგვარდება გზის, წყლის და წყალარინების პრობლემები. ჩვენთვის უმთავრესია საგანმანათლებლო ინფარსტრუქტურა, მხოლოდ წელს 7 ახალ ბაღს და ერთ სკოლას ვაშენებთ და 5 სკოლას სრულ რეაბილიტაციას ვუტარებთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება და ჩვენ ამ კუთხით გავზრდით დაფინანსებას. ასევე, ზუგდიდისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის მშენებლობა, დასაქმდებიან ადგილობრივები და ახალგაზრდებისთვის გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი. მერია იქნება ძალიან მოქნილი ორგანო და დროულად მოახდენს არსებული საჭიროებებსა და პრობლემებზე რეაგირებას”, – ნათქვამია გიორგი შენგელიას შტაბის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში. 

სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდში არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. პირველად – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იყრიდა კენჭს. არჩევნების პირველ ტურში სანდრა რულოვსმა (45,71%) 372 ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე მის კონკურენტმა მმართველი გუნდიდან ედიშერ თოლორაიამ (47,37%), მეორე ტურში მონაწილეობაზე კი უარი თქვა იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა.

რას ჰპირდება რულოვსი ზუგდიდელებს გამარჯვების შემთხვევაში ნახეთ აქ:

  • ლაზიკის პორტის მშენებლობა – ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან მუშაობის შედეგად, პროექტის დაჩქარება. დასაქმდება 5 000-ზე მეტი ადამიანი;
  • ზუგდიდი, როგორც ტურისტული ჰაბი – დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის გზით, ანაკლია/განმუხურში განვაახლებთ ფართომასშტაბიან ტურისტულ პროექტებს;
  • განვახორციელებთ რუხის ციხის რეაბილიტაციას;
  • განვახორციელებთ ფაროსანასა და სასოფლო კულტურების დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტურ პროგრამებს;
  • დავზოგავთ 15 მილიონ ლარს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად;
  • ოჯახში მესამე დაბადებულ ბავშვზე გავცემთ 2 000 ლარიან ვაუჩერს;
  • გავზრდით უფასო სასადილოების დაფინანსებას 200 000 ლარამდე და მოვაწყობთ მოხუცთა თავშესაფარს;
  • 200 ლარამდე გავზრდით მარტოხელა დედების ყოველთვიურ დახმარებას;
  • გავზრდით დაფინანსებული ოპერაციების მოცულობას, მათ შორის ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის დაფინანსებას. მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, შემოვიღებთ თანადაფინანსების პრაქტიკას;
  • შევაკეთებთ და ავაშენებთ სოფლის ამბულატორიებს;
  • გავზრდით პენსიონერებისთვის უფასო მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას;
  • 50 ლარით გავზრდით ბაღების აღმზრდელების ხელფასს;
  • სამჯერ გავზრდით დევნილთა დახმარების პროგრამას;
  • სპეციალისტების დახმარებით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით, შევიმუშავებთ ზუგდიდის განვითარების გენერალურ გეგმას;
  • განვახორციელებთ მდინარე ჩხოუშიას სანაპიროების რეაბილიტაციას;
  • განვახორციელებთ გარე და შიდა გზების რეაბილიტაციას;
  • მოვაწყობთ თანამედროვე მედიათეკას, რომელიც იქნება ზუგდიდის ტექნოლოგიური ჰაბი. 
  • 300 000 ლარამდე გავზრდით საჯარო სკოლების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას;
  • წარმატებული სტუდენტებისთვის შევქმნით საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების ფონდს;
  • ყველა სოფლის ცენტრს უზრუნველვყოფთ უფასო ინტერნეტით;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით დავნიშნავთ დამატებით კომფორტულ ავტობუსებს;
  • ხელს შევუწყობთ ზუგდიდის საფეხბურთო გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებას;
  • ხელს შევუწყობთ ზუგდიდის თეატრის განვითარებას, ხელოვნების სკოლის და ლიტერატურული სალონის დაფუძნებას;

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ აპირებს სანდრა რულოვსი ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელებას, რომელთა ნაწილი მერიის კომპეტენციაში არ შედის, ასევე, რა რესურსი აქვს მას, ქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით თანხმობას მიაღწიოს “ქართული ოცნების” უმრავლესობით დაკომპლექტებულ საკრებულოსთან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სანდრა რულოვსის ამოცანა იქნება აღნიშნული პროექტების ლობირება და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, რისი გამოცდილებაც აქვს.

“გარდა ამისა, სანდრა რულოვსის გამარჯვება არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ეს იქნება დასაწყისი დიდი გარდატეხის, რასაც ჰქვია ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოცილება. რა საკვირველია, ხელისუფლებაში მყოფ მმართველ ძალას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, განახორციელოს სერიოზული პროექტები, მაგრამ დიდი ლეგიტიმაციით არჩეულ მერი იბრძოლებს, იზრუნებს, ლობირებას გაუწევს ამ პროექტების გატანას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დომენტი (ზვიად) სიჭინავა

პოლიტიკური პარტიების გარდა, ზუგდიდის მერის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატებიც მონაწილეობენ. მათ შორისაა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. ეს უკანასკნელი ზუგდიდის მერის არჩევნებში 2017 წელსაც მონაწილეობდა და 14 პროცენტზე ოდნავ მეტიი მიიღო, რითიც მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ “ოცნების” და ენმ-ს კანდიდატებს ჩამორჩა.

ზვიად სიჭინავა ფიქრობს, რომ იმ ზუგდიდელების მხარდაჭერას მიიღებს, ვინც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის პოლიტიკური ბატალიებით დაიღალა. ზუგდიდის წინაშე მდგარ ყველაზე მთავარი პრობლემად საჯარო უწყებებში ნეპოტიზმს და კორუფციას მიიჩნევს და მერად არჩევის შემთხვევაში, სწორედ მათი გადაჭრის პირობას დებს.

“ვაპირებ ნეპოტიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას. ყველაზე მთავარი არის პროფესიონალების და არა პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება. შემდეგი არის გამჭვირვალობა ტენდერებში  და კონკურსებში, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმართება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა იყო წინა მერის პერიოდში, კორუფციული გარიგებებს ვგულისხმობ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზვიად სიჭინავამ.

მერობის კანდიდატის თქმით, ის ყოველდღიურად იმუშავებს ზუგდიდელებთან ერთად, რათა მათთვის აქტუალური საკითხები ქალაქის ბიუჯეტში აისახოს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს საკრებულო ამტკიცებს, სადაც უმრავლესობაში “ქართული ოცნებაა”, სიჭინავა ფიქრობს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობის პრობელმა არ შეექმნება.

“ვერავინ დამაჯერებს, რომ საკრებულოში ზის ხალხი, ვისაც არ უყვარს ზუგდიდი. ისინი ხალხის არჩეული არიან საკრებულოში და მათი მთავარი მიზანია, რომ მოემსახურონ ზუგდიდელებს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ზუგდიდელთან თანამშრომლობა შესაძლებელია”, – აღნიშნა სიჭინავამ.

ისევე როგორც მმართველი გუნდისა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს, სიჭინავასაც დეკლარირებული აქვს ანაკლიის პორტისადმი მხარდაჭერა.

საუკუნის პროექტია, მე რომ მკითხოთ. თუ განხორციელდა ანაკლიის პროქტი, ეს არა მარტო ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ იდეას რაღაც შეფერხებები და პრობლემები გაუჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ახალი ჯიხურის გახსნა. ზუგდიდი უნდა განვითარდეს ბიზნესის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხრივ”, – აღნიშნა სიჭინავამ.


ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 120 837 ამომრჩეველი მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევს. არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი