შეიქმნა Rustavi 2-ის ყალბი გვერდი, რომელიც არხის მასალებს ამახინჯებს

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყალბი გვერდი გამოჩნდა, რომელიც ტელეარხის მასალებს ამახინჯებს. ის, რომ გვერდს ტელეკომპანიასთან საერთო არ აქვს, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უკვე დაადასტურა.

ტელეარხის ყალბი გვერდი 17 მაისს შეიქმნა. აქ განთავსებული პირველი მასალა “რუსთავი 2”-ის სიუჟეტის დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხება და მოქალაქეების პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.

ახლადშექმნილ გვერდზე განთავსებულია მონაკვეთი “კურიერის” 12:00 საათიანი გამოშვებიდან, რომელშიც  ჟურნალისტი მაყურებელს კვლევის შესახებ ამცნობს. თუმცა, 30 წამის შემდეგ რეპორტაჟის ორიგინალი ვერსია წყდება და დიაგრამები ჩნდება, რომლებიც ტელეარხის ეთერში, რეალურად, არ გასულა. ყალბი მონაცემების მიხედვით, რომელთაც უკვე “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის ნაცვლად უცნობი კაცის ხმა ფარავს, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გამოკითხვაში დიდი უპირატესობით ლიდერობენ.

მაგალითად, გაყალბებულ დიაგრამებში ნაჩვენებია, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 58.9% ხმას მმართველ პარტიას მისცემდა, მაშინ, როცა IPSOS-ის კვლევის რეალური შედეგებით, ეს მონაცემი 25%-ია. ამავე დიაგრამებზე ნაჩვენებია, რომ მოსახლეობის 81%-ის ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება პოლიტიკოსებიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს, თუმცა რეალური კვლევის შედეგებში ივანიშვილი საერთოდ არ ფიგურირებს.

ზემოაღნიშნული მასალა “რუსთავი 2”-ის ყალბ გვერდს დასპონსორებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდმა ფული გადაიხადა, რათა მისი კონკრეტული პოსტი მეტმა ადამიანმა ნახოს.

აღნიშნულს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი “ფეისბუქზე” გამოეხმაურა და ყალბი გვერდის შექმნაში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

“ქართულ ოცნების “ტროლების ქარხანამ” შექმნა რუსთავი 2 ის ყალბი გვერდი და ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს ჩვენი სახელით, თან ხარჯავს ფულს, ასპონსორებს ფეიკ ნიუსებს”, – წერს ნოდარ მელაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან