ილიკო სუხიშვილი ფოტო: სუხიშვილები

ილიკო სუხიშვილი: ყოველ წელს თუ ჩავატარებთ ამ დღეს კონცერტს, კარგი იქნებოდა

“სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ “ოჯახის სიწმინდის დღეს” ყოველწლიურად კონცერტი გაიმართება:

“ახალი კომპოზიცია გამოგვაქვს – „ფერხული“, და ძალიან გვაინტერესებს ხალხის რეაქცია. მიგვაჩნია, რომ ყოველ წელს თუ დავგეგმავთ და ტრადიციულად ამ დღეს ჩავატარებთ კონცერტს, ყოველ წელს მივუძღვნით ქვეყანას, ვაჩუქებთ ხალხს ახალ კომპოზიციას, კარგი იქნებოდა”, – ეს განცხადება სუხიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” სამების ტაძარში დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე გააკეთა.

წინა წლების მსგავსად, წელსაც 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძარში მივიდნენ, სადაც ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც სამების ეზოში კონცერტი გაიმართა.

კონცერტში “სუხიშვილებიც” მონაწილეობდნენ.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა გაღწევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.