ახალი ამბები

კომპანია დაგვპირდა, რომ ყველა ეს მოთხოვნა შესრულდება – ღარიბაშვილი გაფიცულ მაღაროელებზე

17 მაისი, 2019 • 1061
კომპანია დაგვპირდა, რომ ყველა ეს მოთხოვნა შესრულდება – ღარიბაშვილი გაფიცულ მაღაროელებზე

დღეს, 17 მაისს, ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელ კომბინანტის გაფიცულ მუშებსა და კომპანიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შეხვდნენ.

კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ კომპანიისგან ყველა დაპირების შესრულების პირობა მიიღეს. მუშები კი ხელფასის ზრდას და სამუშაო პირობების, მათ შორის, კვებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის, გაუმჯობესებას ითხოვნდნენ.

“მაღაროელების პროტესტი არის აბსოლუტურად სამართლიანი. მე პირადად მოვისმინე ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მათ აწუხებთ. არცერთი მოთხოვნა არ არის არაობიექტური და უსამართლო. ობიექტურად, წლების განმავლობაში აქ დაგროვდა ის პრობლემები, რომელიც საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. სწორედ ამიტომ, ჩვენ კომპანიის მმართველებისგან მოვისმინეთ დაპირება, რომ ყველა ეს პირობა და მოთხოვნა შესრულდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალყურს აქ განვითარებულ მოვლენებს, თუ რამდენად დროულად შეასრულებს კომპანია დაპირებულ მოთხოვნებს”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, ჭიათურაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის, დაზიანებულია ხიდი, რომელიც თვეების განმავლობაში ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც კომპანიამ ვერ აღადგინა.

იმას, რომ მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია, ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა დღევანდელი შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარმატებით დასრულდეს.

რაც შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს, მისი თქმით, კომპანიას თავად აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

“კომპანიას აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იქ გარკვეული დახმარება სჭრიდება სხვადასხვა საკითხზე და მე ამ ყველაფერს ბატონ პრემიერს მივაწვდი”, – ამბობს კალაძე.


ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინანტში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა 16 მაისს გაიფიცა. როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივ პროფკავშირში უთხრეს, გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდა. პროფკავშირის ინფორმაციით, ისინი ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პროფკავშირის ინფორმაციით, გუშინ მაღაროელები კომბინატის ადმინისტრაციას შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გაფიცვა გააგრძელეს:

“გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ეგრეთ წოდებულ ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა, დღეს დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხის საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება”, – აცხადებენ პროფკავშირში.

“ჯორჯიან მანგანეზი” მუშების გაფიცვას “გარე ძალებსა” და არჩევნებს უკავშირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი