შემდეგი ბეტმენი სავარაუდოდ რობერტ პატისონი იქნება

„ბეტმენის“ შემდეგ ეკრანიზაციაში მთავარ როლს, სავარაუდოდ, „ბინდის“ (Twilight) ვარსკვლავი რობერტ პატისონი შეასრულებს.

„დისის“ (DC) შემდეგი „ბეტმენის“ გამოშვება 2021 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი. როგორც გამოცემა Variety წყაროებზე დაყრდნობით წერს, კინოსტუდია ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს პატისონთან.

გამოცემა Hollywood Reporter კი იუწყება, მართალია, მსახიობთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ფილმის შემქმნელებს სწორედ ის ჰყავთ შერჩეული მთავარ როლზე.

ახალი „ბეტმენის“ რეჟისორია მეტ რივსი, რომელმაც „მაიმუნების პლანეტის“ ბოლო ორი სიქველი გადაიღო. „ბეტმენის“ რეჟისორობა ბენ აფლეკისგან 2017 წლის იანვარში გადაიბარა.

აფლეკი წინა ეკრანიზაციაში თვითონვე თამაშობდა ბეტმენის — ბრიუს უეინის როლს. DC-ის წინა ფილმები, სადაც აფლეკმა ბეტმენის როლი შეასრულა, იყო „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ (Batman v Superman: Dawn of Justice), „თვითმკვლელთა რაზმი“ (Suicide Squad) და „სამართლიანობის ლიგა“ (Justice League).

ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი ახალი „ბეტმენის“ შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com