ახალი ამბები

მე შენი შვილი, მეზობელი, თანამშრომელი ვარ – ქვიარ აქტივისტებმა თბილისში სტიკერები გააკრეს

17 მაისი, 2019 •
მე შენი შვილი, მეზობელი, თანამშრომელი ვარ – ქვიარ აქტივისტებმა თბილისში სტიკერები გააკრეს

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, აქტივისტებთან ერთად, თბილისში სტიკერები გააკრა.

სტიკერებს, წარწერით “მე შენი შვილი ვარ”, “მე შენი მეგობარი ვარ”, “ჩვენ ერთად ვიმგზავრეთ” და ა.შ. თან QR კოდი აქვს დართული, რომლის სმარტფონის მეშვეობით დასკანერების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ვებსაიტი ჩნდება, სადაც ქვიარ ადამიანების პრობლემებზეა საუბარი.

 

ვებსაიტი Meaqvar.ge ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა:

“და შენ არ გინდა ამის დაჯერება. არადა, ჩვენგან 60% ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 84.4%-ს კი ერთხელ მაინც განგვიცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან. ჩვენ პერმანენტული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ვართ.

ჩვენზე ფიზიკურად თანაბრად ძალადობენ დედაც, მამაც, დაც და ძმაც. ჩვენგან 15.7% იძულებით ერთხელ მაინც წავუყვანივართ ოჯახის წევრებს ექიმთან სამკურნალოდ „გამოსწორების მიზნით“. ხშირად დედები იზოლაციაში გვამყოფებენ, გვაიგნორებენ”, – წერია ვებსაიტზე.

ვებსაიტზე მითითებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვიარ პირების 64.5% ერთხელ მაინც გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

33.6%-ს ერთხელ მაინც გამოუცდია დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე, სამსახურის ძიებისას კი 23.4%-ს ერთხელ მაინც უთხრეს უარი დასაქმებაზე იმის გამო, რომ ლგბტქ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

“10.2% სამსახურიდან გაგვათავისუფლეს კიდეც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით; ჩვენგან 16% თვლის, რომ დამსაქმებლები სხვა თანამშრომლებთან შედარებით უფრო მეტ მოთხოვნებს გვიყენებენ. მხოლოდ ფიზიკური საფრთხის არარსებობა ჩვენთვის შეღავათი არაა. ზემოთ აღწერილი რეალურური სურათი ქმნის არაღირსეულ გარემოს ჩვენთვის, როგორც მშრომელი, შემოქმედებითი და პროფესიონალი ადამიანებისთვის” – წერია ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი