ახალი ამბები

დადიანების სასახლესთან მომხდარი ინციდენტის მონაწილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ

16 მაისი, 2019 • 1029
დადიანების სასახლესთან მომხდარი ინციდენტის მონაწილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან 14 მაისს მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული გელა კვარაცხელიასთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე არც სხვა პირები არიან დაკავებული.

კვარაცხელია ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მოგვიანებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აცხადებდნენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებაც მოახდინეს. მათ შორის, “რუსთავი 2-ის” განცხადებით, მელორ მიქავა და გელა თორია არიან.

შსს-ში ამბობენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინციდენტი ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემის ჩაწერისას მოხდა, რომელშიც მონაწილეობა სანდრა რულოვსს უნდა მიეღო.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად განწყობილი პირები უპირისპირდებიან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი ენმ-ის წევრ ნიკა ვაჩეიშვილს. თავის მხრივ ზემოხსენებულ პირებს რულოვსის გარემოცვის წევრები “სუს-ის შნირებს” ეძახიან. აგრესიულად განწყობილი პირები აცხადებენ, რომ დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.

ტელეკომპანია “ოდიშში” აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.

მომხდარზე შსსმ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო (სსკ-ის 126-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი