ახალი ამბები

უკანონო შემოწირულებები და სხვა დარღვევები წინასაარჩევნოდ – საიას შეფასება

16 მაისი, 2019 • 1257
უკანონო შემოწირულებები და სხვა დარღვევები წინასაარჩევნოდ – საიას შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2019 წლის შუალედური არჩევნების 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს აფასებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება კენჭისყრის დღეს მოქალაქეთა მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის წინაპირობაა, შესაბამისად, თითოეულ ფაქტზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ღირებულებებს, სახელმწიფოს ევალება მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება.

[yellow_box]ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში[/yellow_box]

მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 4 საქმეზე:

  • 2019 წლის 23 აპრილი. გამოძიების ვერსიით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე კომისიის წევრმა – ლაშა ქველაძემ (პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა კომისიის მეორე წევრს – გიორგი თაბუკაშვილს (პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
  • 2019 წლის 23 აპრილი. ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის, გიორგი ქამუშაძის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიების ვერსიით, ამ ეტაპზე არ დასტურდება პოლიტიკური მოტივი. დანიშნულია ქიმიური და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
  • 2019 წლის 12 მაისის ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჯიხაშკარში აგიტაციის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ერთ-ერთი ოჯახის მაცხოვრებლებს შორის ინციდენტი მოხდა. გამოძიება დაწყებულია საცხოვრებელ სახლში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ფაქტზე;
  • 2019 წლის 14 მაისის ინციდენტი. გამოძიების ვერსიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, რამდენიმე პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულია გელა კვარაცხელია და გრძელდება ღონისძიებები სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით საია მიიჩნევს, რომ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით უნდა წარიმართოს, რადგან მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, ხოლო თავდასხმის შედეგად მათ არ მიეცათ საკუთარი პროფესიული მოვალეობის დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობა. საია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს სპეციალური მუხლით, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ 4 შემთხვევის გარდა საია მომავალში სხვა ფაქტებსაც მიადევნებს თვალს.  პარტიებს კი მოუწოდებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, რათა აღკვეთონ და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა;

ორგანიზაცია ასევე მიმართავს შს სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ამგვარი ფაქტების წინასწარ აღსაკვეთად, ხოლო აქამდე მომხდარი შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული პირები.

[yellow_box]საბიუჯეტო რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის[/yellow_box]

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საიას განცხადებით, ორგანიზაციამ გამოიკვლია იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შეტანილი ცვლილებები, სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება.

საიაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სოციალურ პროგრამებში განხორციელდა ცვლილება და დაემატა 13,500 ლარი. ეს ფაქტი საიას მიერ ფასდება, როგორც საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

[yellow_box]წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა[/yellow_box]

საიამ დააფიქსირა უფასო პოლიტიკური რეკლამის სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ სატელევიზიო მაუწყებლებში განთავსების რამდენიმე შემთხვევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა − გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერას ემსახურება:

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − მამუკა გერმანიშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა;

„პოლიტიკური პლატფორმა − ახალი საქართველოს” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − ალექსი ნონიაძის უფასო პოლიტიკური რეკლამა;

„ქრისტიან‐კონსერვატორების” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − ნანი ხუციძის უფასო პოლიტიკური რეკლამა;

„ეროვნულ‐დემოკრატიული პარტიის (ედპ)” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − გიორგი ჩიაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა.

„ევროპული საქართველო − თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის − შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ემსახურება „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის − გიორგი შალიკაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა.

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ფაქტები გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საიამ კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევად შეაფასა.

საიას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია შემოწირულობების მიღება არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, ხოლო პარტია არასამეწარმეო იურიდიული პირია.

ამდენად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეკლამები წარმოადგენს სანდრა ელისაბედ რულოვსისა და შალვა შავგულიძის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი