ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა – პროფკავშირი

16 მაისი, 2019 •
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა – პროფკავშირი

ჭიათურაში, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინანტში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივ პროფკავშირში უთხრეს, გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდა. პროფკავშირის ინფორმაციით, ისინი ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პროფკავშირის ინფორმაციით, გუშინ მაღაროელები კომბინატის ადმინისტრაციას შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გაფიცვა გააგრძელეს:

“გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ეგრეთ წოდებულ ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა, დღეს დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხის საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება”, – აცხადებენ პროფკავშირში.

რას ნიშნავს ვახტური რეჟიმი?

ვახტური რეჟიმი ნიშნავს, რომ თვეში 15 დღის განმავლობაში მუშაობ, დანარჩენ დროს კი სამუშაოსგან თავისუფალი ხარ. თუმცა ის 15 დღე, როდესაც დასაქმებული ხარ, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეგიძლია. როდესაც სამუშაო საათები სრულდება, კომპანია არის პასუხისმგებელი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ. ასევე, კომპანია არის პასუხისმგებელი მათ კვებაზე.

ვრცლად ჭიათურაში დასაქმებულების შესახებ წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი