“ჩვენ პროდასავლური მინისტრები ვართ ყველა. ეს შეშფოთება გასაზიარებელი და გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ არაფერი კურსი არ შეცვლილა და ისინი მალე დამშვიდდებიან,” – აცხადებს ზაქარეიშვილი.
იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, როდესაც მოითხოვა მთავრობის სხდომის მოწვევა, რომელსაც თავადაც დაესწრება და სადაც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში.
“პრეზიდენტის ეს თხოვნა გასათვალისწინებელია და აუცლებლად მოხვდება დღის წესრიგში. მე მგონია, რომ ის იზიარებს იმ პოზიციას, რომ არაფერი საფრთხე არ ემუქრება ამ ორიენტაციას და ამის დადასტურებაა საჭირო, მკაფიო პოზციის გამოხატვაა საჭირო პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, არ იცის, თუ რა იგულისხმა პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, როდესაც განაცხადა, რომ საზოგადოება ბევრ სიურპრიზს იხილავს ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, ასევე, მას უწოდა “ავანტიურისტი” და “უჭკუო”.
“ძალიან ძნელია სხვისი შეფასებების შეფასებების კეთება. ჩემი აზრით, იმ ფორმით, რა ფორმითაც მინისტრები გავიდნენ მთავრობის წევრობიდან, ასე არ უნდა მომხდარიყო და შეიძლებოდა სხვა ფორმით ამის გაკეთება,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, არა აქვს ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ლობირების თაობაზე ირაკლი ალასანიას მხრიდან, როგორც ეს ღარიბაშვილმა თქვა:
“მე ამაზე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრს მეტი ინფორმაცია აქვს. მე არ მაქვს არც საშუალება და უფლება, უარვყო ან დავადასტურო, მან მეტი იცის ამაზე. არც სიურპრიზებზე საუბარი გვქონია დღეს, მაგრამ პრემიერი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე მე და რაკი მან ეს თქვა, ბუნებრიავია, რაღაცას უნდა ველოდოთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
