ეკონომიკა

საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს

13 იანვარი, 2015 • 1780
საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს

“ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის საწარმოებლად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

 

პრემიერმა ღარიბაშვილმა, პრესსამსახურის ცნობით, ის უპირატესობები შეაჯამა, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს ბიზნესის წარმოებისა და განვითარების კუთხით სთავაზობს:

 

-საქართველოში არსებობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო;

-2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს;

-Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში;

-2014 წელს „Fitch” და „Moody’s” მიხედვით საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა;

-კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ქვეყანას;

-მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2012-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით;

-ექსპორტი ევროკავშირთან გაიზარდა 70 პროცენტით;

-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით საქართველო ინვესტორებს შესთავაზებს სათანადო ბიზნესგარემოს, შესანიშნავ ადგილმდებარეობას და წვდომას 900-მილიონიან ბაზარზე;

-თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ენერგო- და სატრანსპორტო პროექტები – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანი – „შაჰდენიზის გაზსადენი“;

-შავ ზღვაზე აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება;

-საქართველოში დაარსდება ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია, სახელწოდებით -„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“;

-ქვეყანაში არსებობს საპარტნიორო ფონდი, ასევე, თანაინვესტირების კერძო ფონდი, რომლის ბიუჯეტი 6 მილიარდია;

 

„ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატიული საბანკო სექტორით; ლიბერალური საგადასახადო სისტემა დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებული და მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებული ენერგორესურსები; კვალიფიციური და კონკურენტულად განფასებული სამუშაო ძალა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესკონტაქტების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც საქართველოს 12 იანვარს ეწვია.

საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი, თბილისი, საქართველო, 13/01/2015  ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი, თბილისი, საქართველო, 13/01/2015 ფოტო: საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი