ლიბერალურ – კონსერვატიულ დაპირისპირებას უნდა გავცდეთ – გრიგოლ გეგელია 17 მაისზე

“მთელი ეს პოლარობა, ეს დიქოტომია, შავ-თეთრი მიდგომა მგონია არასწორი”, – ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა ტვ პირველის ეთერში 17 მაისთან დაკავშირებით.

გეგელია გადაცემაში კონკურენტ კობა დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ ის ჰომოფობია და 17 მაისს ანტიჰომოფობიურ გამოხატვას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება გეგელიას, 17 მაისზე საუბარი პირველი მაისის საკითხით დაიწყო.

“დღეს შუადღისას მე-15 სართულიდან გადმოვარდა მუშა და გარდაიცვალა. პირველი მაისი, მშრომელთა უსაფრთხოების, ღირებულებისა და დაცვის დღე, მუდმივად მივიწყებულია ამ ქვეყანაში. არც ჩვენი პოლიტიკოსები გამოდიან ამ დღეს და არც სხვანი იცავენ ადამიანის უფლებებს. ადამიანები პანტაპუნტით გვეხოცება. უფრო მეტი ადამიანი დავკარგეთ შრომისას ამ ქვეყანაში, ვიდრე რუსულ-ქართული ომისას. აქამდე მივედით. და აქ საუბარია რაღაც ფობიებზე, როდესაც ფობიური არის მთელი სახელმწიფო და ეკონომიკური წესრიგი ყველას მიმართ. რაღაც გაგებით ყველა ჩვენგანი ვართ მოწყვლადი უმცირესობა, რადგან სახელმწიფო ჩვენდამი ფობიურია. თუ შენ არ გეზიზღება და გეშინია შენი მოქალაქე… მე ყველა ზიზღს განვაგდებ ჩემგან, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ზიზღი არ არის ჩემი რელიგია. ჩემი რელიგიაა სიყვარული, ერთობის, სოლიდარობის და ჩაგრულთა დაცვის რელიგია. ჩემი ქრისტე არის ქრისტე, რომელიც ამბობს: წარვედ ჩემგან საუკუნე ცეცხლში რამეთუ მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ მასვით. ეს არის ჩემი ქრისტე, ეთიკა და ამიტომ ვარ პოლიტიკაში მარცხნივ და ვიცავ მშრომელებს და ყველა ჩაგრულ ადამიანს.

ფობიას რაც შეეხება, მგონია, რომ ყველა ფობია არის ერთნაირად ცუდი და მიუღებელი რამ. არ მგონია, რომ ქართველი ერი ვართ შიშებით დახუნძლული და  ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. მე 17 მაისს არანაირი პრაიდს არ ვემხრობი, მგონია, რომ ეს იწვევს ზიზღს და დაპირისპირებას. არც იმას ვემხრობი, რომ ერთ დღეს 5-6 მხარე იყოფდეს. შევარგოთ ერთმანეთს არსებობა, საერთო საჯარო სივრცე და ვილაპარაკოთ ყველაზე მთავარ პრობლემებზე, მათ შორის ეკოლოგიური პრობლემებზე… ჰაერი გვწამლავს და გვკლავს ამ ქვეყანაში, რომელ ფობიაზე და ეროვნულ განვითარებასა თუ ღირსებაზეა საუბარი, როცა ვიხოცებით”, – განაცხადა გეგელიამ.

წამყვანის, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის ქვიარ თემის პრობლემებს რეალურად, გეგელიამ უპასუხა:

“ჩემთვის პრობლემაა ნებისმიერი მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლების დარღვევა. დღეს ორივეა დარღვეული. როცა შრომის მაგალითი მოვიყვანე, შრომის უფლება, სუფთა ჰაერის უფლება, განათლების უფლება, ჯანდაცვის უფლება ესენი ჩემთვის არის უფლებები და არა ფუფუნებები. იქვე არის კონსტიტუციური შეკრების და ასოცირების უფლება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს და ჯგუფს შეუძლია შეიკრიბოს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ეს ყოველთვის დასაცავია”.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა საპატრიარქოს მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წამყვანი დაინტერესდა, ხომ არ გააკეთა ეს ეკლესიამ ქვიარ თემის შესაზღუდად?

“პირდაპირი პასუხი მხოლოდ საპატრიარქოს აქვს, მე მხოლოდ ინტერპრეტაცია შემიძლია. ჩემი აზრით, ერთმანეთში დღეებს არ უნდა ვიყოფდეთ. 365 დღე გვაქვს იმისთვის, რომ ყველამ ვიარსებოთ. ამ ლიბერალურ და კონსერვატიულ დაპირისპირებას უნდა გავცდეთ. არცერთი მხარე ამ ლიბერალურ – კონსერვატიულ ხაზზე ცალსახად სწორი არ არის. ორივეს აქვს  გარკვეული არგუმენტი, მაგრამ სწორი არცერთია. ჩვენ გვჭირდება ზომიერი პროგრესული კურსი ამ საკითხშიც და სხვა საკითხებშიც. მთელი გულით ვნატრულობ მაისს, რომელიც დიდი შრომის აღლუმით გაიხსნება, პოლიტიკურ წელს ვნატრულობ ისეთს, როდესაც  რაიმე ნამდვილზე იქნება საუბარი, მათ შორის ბავშვთა შიმშილზე, სოცმუშაკებზე, ექთნებზე”, – განაცხადა გეგელიამ.

წამყვანი შეკითხვას, ეს თემად, მისი აზრით, ნამდვილი არ არის? – მან ასე უპასუხა:

“პრობლემები არსებობს უამრავი, უმცირესობების დაცულობის თვალსაზრისით. მე ვიცნობ სქელ-სქელ კვლევებს ამ საკითხზე და ვაღიარებ მათ არსებობას. პრობლემები არსებობს შრომის მიმართულებით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით. პოლიტიკურ თავისუფლებებს  ერთიან ჭრილში შევხედოთ”, – განაცხადა გეგელიამ.


17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას. 2018 წელს სათემო ორგანიზაციებმა მომატებული საფრთხის გამო 17 მაისს აქციის გამართვაზე უარი თქვეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. სათემო ორგანიზაციების მხრიდან საჯარო აქცია, სავარაუდოდ, არც წელს გაიმართება. მიმდინარე წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნაციონალისტური ჯგუფები აპირებენ შეკრებას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com