ახალი ამბები

ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი გვითხრეს — ლგბტ ჯგუფი

14 მაისი, 2019 •
ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე უარი გვითხრეს — ლგბტ ჯგუფი

ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის, 17 მაისის აღსანიშნავად ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერების გავრცელებაზე კერძო კომპანია „ალმამ“ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი. „თანასწორობის მოძრაობა“ კომპანიას სასამართლოში უჩივის.

როგორც ნეტგაზეთს „თანასწორობის მოძრაობაში“ განუცხადეს, კომპანიასთან პირველ ეტაპზე, 24 აპრილს, ხელშეკრულება გააფორმეს; მათ სურდათ, სამ მეტსადგურსა და ავტობუსების სამ მოსაცდელზე სარეკლამო სივრცე იჯარით აეღოთ ერთი თვის განმავლობაში და ბანერებზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის მესიჯები განეთავსებინათ.

„მოძრაობის“ ცნობითვე, „ალმამ“ იცოდა, რომ ბანერების შინაარსი თანასწორობას შეეხებოდა, თუმცა თავდაპირველად დიზაინი და მესიჯები არ უნახავთ. მას შემდეგ კი, რაც დამკვეთმა კომპანიას კონკრეტული მესიჯები წარუდგინა საბოლოო დიზაინით, კომპანიამ მომსახურებაზე უარი განაცხადა. ბანერები ასეთი სახის იყო:

„თანასწორობის მოძრაობის“ ბანერი

 

„დისკრიმინაცია“ 

„თანასოწორბის მოძრაობა“ აცხადებს, რომ კომპანიამ მათ დისკრიმინაციული მოტივით უთხრა უარი, ხელშეკრულება დაარღვია და ორგანიზაციას მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად განუცხადა უარი.

„მოძრაობის“ თანახმად, „ალმამ“ უარის მოტივად დაასახელა, თითქოს „ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდის ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებს გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას“; ამ არგუმენტს ორგანიზაცია დაუსაბუთებელს უწოდებს.

„მათი თავდაპირველი პოზიციით, ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია“, — წერს ორგანიზაცია.

ამ უარით, „მოძრაობის“ თანახმად, მათ დაეხშოთ „საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა“, რადგან, მათივე ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ბანერები „ალმას“ საკუთრებაა.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა კომპანიას, სადაც გვითხრეს, რომ თავად დაგვიკავშირდებოდნენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი