ახალი ამბები

ხუან გუაიდო აშშ-ის არმიას დახმარებისთვის მიმართავს

13 მაისი, 2019 • 1593
ხუან გუაიდო აშშ-ის არმიას დახმარებისთვის მიმართავს

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ბრიტანული The Guardian იტყობინება, აშშ-ში გუაიდოს წარმომადგენელმა, კარლოს ვეჩიომ აშშ-ის სამხრეთის სარდლობას გაუგზავნა წერილი დახმარების თხოვნით. კერძოდ, წერილში წერია, რომ იმ დროს, როდესაც ვენესუელაში რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა  გრძელდება, ქვეყანაში “დაუპატიჟებელი უცხო ქვეყნის ძალები ვენესუელასა და სხვებს აყენებენ რისკის ქვეშ”.

“ჩვენ მივესალმებით სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვას, რომ შევძლოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობის აღსრულება ვენესუელელთა წინაშე, რათა შევამსუბუქოთ მათი ტანჯვა და აღვადგინოთ ჩვენი დემოკრატია”, – წერს გუაიდოს წარმომადგენელი აშშ-ის სამხრეთ სარდლობისთვის გაგზავნილ წერილში.

The Guardian-ისვე ინფორმაციით, გუაიდო შაბათის აქციაზე მომხრეებს დაჰპირდა, რომ მისი წარმომადგენელი შეეცდება პირდაპირი კავშირის დამყარებას სამხრეთის სარდლობასთან. ამასთანავე, ვენესუელის ეროვნული ასამბლეა, რომელსაც პრეზიდენტ მადუროს ოპოზიცია აკონტროლებს გუაიდოს მეთაურობით, ეძებს ლეგალურ გზას, რათა აშშ-ს სამხედრო ინტერვენციის საშუალება მიეცეს.

უკვე რამდენიმე თვეა, ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში რამდენიმეწლიანი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რამაც პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საკვებზე დეფიციტი გამოიწვია, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო, როგორც ვენესუელის დროებითი ლეგიტიმური მმართველი, აღიარეს ევროპის ქვეყნებმა, აშშ-მა და საქართველომაც. ოპოზიციის საპროტესტო აქციები ვენესუელის ხელისუფლებამ არაერთხელ დაშალა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

მადუროს რეჟიმს მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი. სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა მადუროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვენესუელაში ასობით რუსი სამხედრო გაგზავნა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველ მაისს თქვა, რომ ნიკოლას მადუროს კუბაში გაქცევა ჰქონდა განზრახული, თუმცა მას ამ განზრახვაზე ხელი რუსეთმა ააღებინა, რასაც თავად მადურო უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი