ახალი ამბები

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ბანკირი ლიდერობს, მოსალოდნელია II ტური

12 მაისი, 2019 • 1092
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ბანკირი ლიდერობს, მოსალოდნელია II ტური

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ბანკირი გიტანას ნაუსედა ლიდერობს, — იუწყება „ბლუმბერგი“ (Bloomberg). სავარაუდოდ, მეორე ტურში ნაუსედასთან ერთად გადავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 45%-ის დათვლის შედეგად, ყოფილ ბანკირ გიტანას ნაუსედას 31% აქვს, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს — 27%.

არჩევნები კვირას, 12 მაისს გაიმართა. ხმის მიცემა უკვე შეწყდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არ არის მოსალოდნელი, რომელიმე კანდიდატმა ხმების საბოლოოდ რაოდენობით 50%-ზე მეტი აიღოს. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური 26 მაისს უნდა გაიმართოს — იმავე დღეს, როცა ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობას 9 კანდიდატი იღებდა; აქედან მედიაში ძირითადად სამს განიხილავდნენ ლიდერად — ნაუსედას, სკვერნელისსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრ ინგრიდა სიმონიტეს.

ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩაანაცვლებს ახლანდელ პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს — როგორც უწოდებენ, ბალტიისპირეთის „რკინის ლედის“, რომელიც ორი ვადით იყო არჩეული. მას არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, ლიეტუვა ახლა მოსახლეობის ნაკლებობას ებრძვის, — მოსახლეობა დასავლეთ ევროპაშია ემიგრირებული ცხოვრების უკეთესი დონის საძებნელად. ქვეყანას ეკონომიკური ზრდა კი აქვს, მაგრამ სიღარიბე, შემოსავლების უთანასწორობა და მაღალი უმუშევრობა მწვავე პრობლემებად რჩება.

ამავე გამოცემის თანახმად, სამივე კანდიდატი უჭერს მხარს ლიეტუვის ევროკავშირსა და ნატოში ყოფნას; მათ აწუხებთ რუსეთის ფაქტორი, განსაკუთრებით.

ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონ ადამიანს ჰქონდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ლიეტუვაში რეფერენდუმიც ტარდება. მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, რომლის მიხედვითაც 1 საკითხი ორმაგი მოქალაქეობის წესს ეხება, მეორე კი კანონმდებელთა რაოდენობის შემცირებას 141-დან 121-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი