12 მაისს თბილისში, ლისის ტბაზე ქვიარ უფლებების აქტივისტები, თემის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მოაწყვეს „ქვიარ დების გარბენი“.
მონაწილეებისთვის ეს იყო ერთგვარი გამაძლიერებელი ჟესტი რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე აქტივიზმის გზაზე და მცდელობა, გამოეკვეთათ კავშირი ქვიარ და მწვანე პოლიტიკით დაინტერესებულ ჯგუფებს შორის.
ღონისძიება „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG-მა) დაგეგმა „ახალგაზრდა მწვანეებთან“ ერთად. WISG-ის მედიის ოფიცერი ნათან გულიაშვილი გვიამბობს, რომ ქვიარ დების გარბენის ინიციატივა შარშან დაებადათ, მას შემდეგ, რაც 17 მაისს სათემო ორგანიზაციების დაგეგმილი აქციების გაუქმება მოუწიათ ქალაქში მობილიზებული აგრესიულად განწყობილი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფების გამო.
„ამ აგრესიის ფონზე, 2013 წლიდან მოყოლებული, თემს არა გვაქვს საშუალება, ერთობლივი მშვიდობიანი მასშტაბური აქცია ჩავატაროთ“, — გვეუბნება ის და გვიხსნის, რომ გარბენი, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი ჟესტი იყო: „იმის ფონზე, რომ აქციებზე მუდმივად ძალადობისა და აგრესიის პირისპირ გვიწევს დგომა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი აქტივობა, სადაც უბრალოდ თემის წევრები ვიკრიბებოდით, დავრბოდით და ა.შ“.
ქვიარ და მწვანე პოლიტიკის სიახლოვე
ღონისძიების მთავარი თემად ორგანიზატორებმა დაასახელეს სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა; დღევანდელ გარბენს ისინი უყურებენ, როგორც მცდელობას, ერთმანეთს დაუკავშირონ ქვიარ და მწვანე პოლიტიკის საკითხები; საკითხები, რასაც აქტივისტური ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავენ ხოლმე.
არადა, უფრო ფართო სააზროვნო სივრცეებში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად იკვეთება ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებიო, — წერენ ორგანიზატორები.
გულიაშვილის თანახმად, ღონისძიების „ახალგაზრდა მწვანეებთან“ ერთად მოწყობა იმის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, რომ ეს აქტიური ჯგუფია და „ამ გაზაფხულზეც ბევრ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე გააკეთეს აქცენტი“; გულიაშვილის თქმით, გაუხარდათ, რომ საერთო ენის გამონახვა მოახერხეს სხვა აქტივისტურ ჯგუფებთან, რომლებიც მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს.
„ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ქვიარ და მწვავე მოძრაობებს ბევრი აქვს საერთო“, — გვეუნება ის და ამ ორი ჯგუფის საერთო სათქმელს — სახელმწიფოსთვის სათქმელს — შემდეგნაირად აყალიბებს:
„სახელმწიფო უნდა იყოს ის, ვინც უნდა ქმნიდეს თანასწორ, უსაფრთხო გარემოს ყველა ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, მიუხედავად მათი სქესისა. საცხოვრებელი ადგილისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა… ეს ჩაგრული ჯგუფები კი ბევრია საქართველოში, იქნება ეს გენდერული, სექსუალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური და სხვა ნიშნით, რაც, მაგალითად, ბოლო პერიოდში პანკისის ჰესების შემთხვევაში გამოჩნდა“.
საორგანიზაციო ტექსტში კი WISG-ი წერდა: „ამ გარბენით ვცდილობთ, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევახსენოთ, რომ დღის წესრიგში უნდა დააყენონ საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალურად და ეკონომიკურად თანასწორი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა“.