ახალი ამბები

“ჩვენი მომავალი ბუნდოვანია” – ახალგაზრდების აქცია გარემოსთვის თბილისში

6 მაისი, 2019 • 1821
“ჩვენი მომავალი ბუნდოვანია” – ახალგაზრდების აქცია გარემოსთვის თბილისში

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გარემოს დაცვის ეფექტური პოლიტიკისა და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების მოთხოვნით თბილისში კიდევ ერთი აქცია გამართეს. “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების”, ასევე მოძრაობა “ვინ’მე”–ს წევრები და მათი მხარდამჭერები ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ფიქრობენ, რომ საქართველოში ადამიანების მომავალი ბუნდოვანია, ვინაიდან “წყალდიდობების, ხანძრების, გაუდაბნოებისა და სხვა მრავალი კატასტროფის” ფონზე სახელმწიფო ეფექტურ პოლიტიკას არ ატარებს და მხოლოდ მომხდარი კატასტროფების შედეგების ანალიზით შემოიფარგლება, მიზეზების შესწავლის გარეშე.

“ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფოს ქმედებები ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევებსა და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს, ცალკეული ბიზნესის ინტერესების ნაცვლად”, – ვკითხულობთ ორგანიზატორთა მიმართვაში, რომელთა მოთხოვნებს შორისაა თბილისში ტრამვაის შემოყვანა, ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება, მთაწმინდის ფერდობებზე მშენებლობების შეწყვეტა, “რეკრეაციული ზონების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტა და დამანგრეველი ჰესების მშენებლობის აღკვეთა”.

ამ და სხვა მოთხოვნებით ახალგაზრდები 15 აპრილსაც გავიდნენ ქუჩაში. აღნიშნულ აქციას გაფიცვის სახე ჰქონდა.

"გამოდი გარემოსთვის!" – აქცია თბილისში. ფოტო: ბექა ბუჩაშვილი/"ახალგაზრდა მწვანეები" "გამოდი გარემოსთვის!" – აქცია თბილისში. ფოტო: ბექა ბუჩაშვილი/"ახალგაზრდა მწვანეები" "გამოდი გარემოსთვის!" – აქცია თბილისში. ფოტო: ბექა ბუჩაშვილი/"ახალგაზრდა მწვანეები"

 

მასალების გადაბეჭდვის წესი