ახალი ამბები

ფანჯიკიძე: თავდაცვის მინისტრი არ გადადგება

4 ნოემბერი, 2014 •
ფანჯიკიძე: თავდაცვის მინისტრი არ გადადგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ის ვითარება, რომელიც აფერხებს მთავრობის წარმატებულ მუშაობას, მალე აღმოიფხვრება და მთავრობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

 

“ირაკლი ალასანია არ დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს და არც თავისუფალი დემოკრატები არ დატოვენებ კოალიციას, რადგან 2012 წლის არჩევნებში ამ კოალიციით პირობა მივეცით ქართველ ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანები”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მინისტრი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი,  თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეებს არ ენდობოდეს. 

“მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდობოდე თავდაცვის მინისტრს, არანაირი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდობოდე მის მოადგილეებს, რომლებიც თავდებში დაუდგნენ დაკავებულებს და არ ეპარებათ ეჭვი მათ უდანაშაულობაში, და არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო ალექსი ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებაში, რომ გუშინ დაკითხვა გარკვეული დარღვევებით წარიმართა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით უსუფაშვილის მოსაზრებას იზიარებს და მიაჩნია, რომ რთული ვითარებაა შექმნილი:

 

“არის ძალაინ რთული ვითარება. ამ რთულ ვითარებაში იმის ნაცვლად, რომ საკითხებს ვარკვევდეთ, ყოველდღე ჩნდება კიდევ უფრო მეტი და მეტი კითხვა. ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცუდ ფორმას იძენს.”

 

დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

 

დღეს, 18 საათზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ალასანიამ მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს, რომ შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ, თუ საით მიჰყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი