ახალი ამბები

პატრიარქმა მახათას მთაზე ახალი ტაძარი აკურთხა

12 მაისი, 2019 •
პატრიარქმა მახათას მთაზე ახალი ტაძარი აკურთხა

12 მაისს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებისა და ახლადგამოცხადებულ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს, თბილისში, მახათას მთაზე ახალი — ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის — ტაძარი აკურთხეს.

საზეიმო წირვა კვირა დილით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. წირვას, ტვ პირველის ინფორმაციით, სინოდის წევრების უმრავლესობა დაესწრო.

ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები. იქვე იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძეც, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, რომელიც ამ ადგილას ტაძრის აგების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ილია II-მ განაცხადა: „მთელი ერი მოხარულია, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. მოხარული ვარ, რომ ამას ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს“.

[ნახეთ ასევე: „სიმბოლო ურყევი სასოებისა“ — როგორ ასაბუთებს მთავრობა წილხვედრობის უქმედ გამოცხადებას]

IPN-ის ცნობით, ახალი ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია — მისი კურთხევით კომპლექსის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა. ახლა დარჩა მონასტრისა და საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა.

ტაძრის უშუალო მშენებლობას საფუძველი 2012 წლის 17 აპრილს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარეს.

2017 წელს თბილისის მერიამ 170 152 ლარი გამოყო ტაძრის გარშემოსავლელი ფილის მოსაწყობად.

ეკლესიის მშენებლობისთვის, საბიუჯეტო თანხების გარდა, მოქალაქეებსაც სთხოვდნენ ინდივიდუალურად თანხის შეწირვას. ეკლესიის აშენების მიზნით საოპერო მომღერალმა და შემდეგ პოლიტიკოსმა, პაატა ბურჭულაძემ, “ფონდი ივერიისა” დააფუძნა, რომლის მოძიებული თანხები ეკლესიის მშენებლობას ხმარდებოდა. ფონდ „ივერიისაში“ 240 000 ადამიანი გაერთიანდა.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად  ათეულობით მილიონს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის გარდა, საპატრიარქო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან და მათზე დარიცხული ქონებიდან იღებს მატერიალურ მხარდაჭერას.

გარეკანის ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნახეთ ასევე:

საპატრიარქოს კაპიტალი

მასალების გადაბეჭდვის წესი