“ჩემს პარტნიორებს კოალიციაში, ყველას მივმართავ, რომ ამ ტიპის გარკვეულ კრიზისულ ვითარებებს გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს და ისე, როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს და ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დიპლომატიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
მისი შეფასებით, გუნდში არ არის კრიზისი, მაგრამ არის კრიზისული მოვლენები:
“არ არის სასარგებლო, როდესაც უწყებები განცხადებებით მიმართავენ ერთმანეთს, როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს. როცა მე, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამის თქმა მიწევს, რასაც ახლა ვამბობდი. ერთი კვირა ვერაფერი ვერ მათქმევინეთ, მაგრამ ახლა უკვე ვამბობ, ე.ი. რაღაცა ნიშნებია იმისა, რომ დროზე ყველამ უნდა მივხედოთ ამ საქმეს, რომ უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს. ზოგადად ამ ტიპის კრიზისული მოვლენები სასარგებლოა იმისთვის, რომ კარგად მივიხედ-მოვიხედოთ და უფრო სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველამ”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.
დღეს, 18 საათზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “ტავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.
ალასანიამ მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს, რომ შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ. თუ საით მიჰყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა.