გია ვოლსკის თქმით, ნათელმირონული ურთიერთობების გამო გამორიცხავს, რომ დაკითხვის დროს ბატიაშვილზე პროკურატურაში ზეწოლა მოახდინეს.

 

“ირაკლი ალასანია არის ჩემი მეგობარი, კოლეგა. დიდი ხანი ვიყავით ერთად და კიდევ დიდი ხანი ვიქნებით. კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი ოქმში, რატომ არ მოაწერა ხელი, ამის მიზეზები… ერთი რამე ვიცი, რომ ბატიაშვილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე თავის დროზე. მე რამდენადაც ვიცი, ნათელმირონობის ურთიერთობებია პრემიერ-მინისტრსა და ბატიაშვილს შორის. ასე რომ, აქაც რაიმე მიკერძოებას გამოვრიცხავ,” – განაცხადა ვოლსკიმ “კურიერთან” საუბრისას.

 

ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალსანაიამ თავის მოადგილედ 2013 წლის 23 ნოემბერს წარადგინა. ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურაციო სფეროში ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი შედის.

 

ალექსანდრე ბატიაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ზაზა ბროლაძე ჩაანაცვლა. მანამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ბატიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე, უშიშროების სამინისტროში იყო კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილებას.

 

ალექსანდრე ბატიაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს თავდაცვის თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის მიერ კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხეს. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ბატიაშვილამა ჩვენების ოქმს ხელი იმ მოტივით არ მოაწერა, რომ მისი განცხადებით, მისი ნათქვამი ოქმში არარეალურად იყო ასახული.

გია ვოლსკი/ფოტო:რეპორტიორის პრესკლუბი
გია ვოლსკი/ფოტო:რეპორტიორის პრესკლუბი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *