უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვაკანსიებზე განცხადებების მიღება 2019 წლის 11 მაისიდან დაიწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსია 20 კანდიდატურაზეა გამოცხადებული; განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 მაისს მიიღო.
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ იურისტებს მოუწოდა, იაქტიურონ შესარჩევ კონკურსში. 10 მაისს, კონკურსის გამოცხადების შემდეგ, იურისტებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
„მესმის, რომ ასეთი კლანური ძალაუფლებით მართულ სისტემაში ძნელია გქონდეს წარმატების მინიმალური იმედიც კი, ან საბჭოს ყველა წევრის მხრიდან სამართლიანი დამოკიდებულების მოლოდინი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელივანია, რათა ყველამ დაინახოს დიდი განსხვავება ჩინჩალაძის კლანსა და თანამედროვედ მოაზროვნე, გამოცდილ იურისტებს შორის“, — დაწერა ფეისბუკზე ჯანეზაშვილმა.
ნახეთ ასევე:
არასამთავრობოების შემაჯამებელი მოსაზრებები მოსამართლეების არჩევის საკითხზე
დოლიძე იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში აქტიურობისაკენ მოუწოდებს