ახალი ამბები

ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითხოვენ – პეტიცია

10 მაისი, 2019 • 1793
ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითხოვენ – პეტიცია

შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ითხოვენ, ნაციზმზე გამარჯვების დღედ 9-ის ნაცვლად 8 მაისი გამოცხადდეს. პეტიციის ხელმომწერები თხოვნით მიმართავენ პარლამენტს, იმსჯელოს და გადაწყვიტოს, 9 მაისი გამოცხადდეს ევროპის დღედ, როგორც ამას ევროკავშირში შუმანის დეკლარაციის საპატივცემულოდ აღნიშნავენ.

პეტიციაში მოყვანილია ისტორიული ფაქტები, რომლითაც ავტორები ასაბუთებენ 8 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას. საუბარია 1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში  ხელმოწერილ კაპიტულაციაზე, რომელიც ძალაში 8 მაისს უნდა შესულიყო. დოკუმენტით გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე, ოფიციალურად შეწყდა, აქედან გამომდინარე, ნაცისტური გერმანია სწორედ 8 მაისს დამარცხდა.

“1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში  გერმანელმა გენერალმა ალფრედ იოდლმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელი მოაწერა  საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე, რომელიც ძალაში მომდევნო დღეს – 8 მაისს უნდა შესულიყო. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი ქალაქ ბერლინში, საბჭოელთა შტაბბინაში, ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი, საბჭოთა კავშირის მხრიდან კი – მარშალი ჟუკოვი. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე, ოფიციალურად შეწყდა. შესაბამისად, ნაცისტური გერმანია სწორედ 8 მაისს დამარცხდა.

საინტერესო ისტორია აქვს 9 მაისის დღესაც. სტალინმა გადაწყვიტა, გამარჯვების დღედ 9 მაისი აღენიშნათ სსრკ-ში, რადგან მოსკოვის დროით გერმანიის 8 მაისის 23:01 საათი უკვე 9 მაისია. საბჭოთა მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რადგან საბჭოთა მედიაში არ იწერებოდა 7 მაისის მიღწეული შეთანხმების შესახებ. 9 მაისი უქმე დღედ ბრეჟნევმა გამოაცხადა 1965 წელს, ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა მმართველობას სჭირდებოდა ამ დღის ინსტრუმენტალიზაცია და საკრალიზაცია რეგრესის გზაზე მდგარი სსრკ-სთვის მყარი იდეოლოგიის შესაქმნელად. 1965 წლიდან მოყოლებული, 9 მაისი გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი – რუსეთში”, – წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 9 მაისს რუსეთის ფედერაცია ჰიბრიდული ომისთვის იყენებს, რითიც ხდება რუსოფილური ტენდენციების და იმპერიალისტური მისწრაფებების გაღვივება პოსტსაბჭოთა სივრცეში.

“წლევანდელი 9 მაისი მსვლელობით აღნიშნეს „უკვდავ პოლკში“ და მსგავს რუსოფილურ ჯგუფებში გაწევრიანებულმა ქართველმა რუსეთუმეებმა. მათ არ აქვთ არანაირი კავშირი არც მსოფლიო ომთან და არც ფაშიზმზე გამარჯვებასთან. ჩვენი მიზანია, გამოვაცალოთ იმპერიალისტურ რუსეთს იდეური დასაყრდენი.
ამიერიდან, საქართველოში ეს დღე უნდა აღინიშნოს არა როგორც „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე“, რადგან დამოუკიდებელი საქართველო არ აღიქვამს საბჭოთა კავშირს თავის სამშობლოდ, არამედ როგორც „მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღე“. საბჭოურ-რუსული 9 მაისი უნდა ჩაანაცვლოს 8 მაისმა – გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის ნამდვილმა დღემ, ისევე როგორც ეს აღინიშნება დასავლურ სამყაროში.

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და ღრმა პატივისცემას და მადლიერებას ვუცხადებთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთა მინიმალური ასაკი დღეისათვის 91 წელია და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გამოხატოს საზოგადოების პატივისცემა ვეტერანების მიმართ როგორც სიმბოლური, ისე მატერიალური გზით,”-ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები არიან ბაია პატარაია, გიორგი ასტამაძე, ბექა კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი