ახალი ამბები | ,

ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყება

4 ნოემბერი, 2014 | | 3276
ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყება

ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 30 მილიონი ლარით დააფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს.

 

რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრია. კაბინები კი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი.

 

პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 950 მეტრია, ჭიათურის ცენტრს ნაგუთთან. მეორე, სიგრძით 800-მეტრიანი საბაგირო გზა ქალაქის ცენტრს სანატორიუმთან. მესამე, 430-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი კი ჭიათურის ცენტრს მუხაძესთან დააკავშირებს. მეოთხე საბაგიროთი კი ერთმანეთს ჭიათურის ცენტრი და რუსთაველის ქუჩა დაუკავშირდება. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე  აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” უზრუნველყოფს.

 

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს, 1963 წელს დამონტაჟდა.

 

ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.

საბაგირო ჭიათურაში
საბაგირო ჭიათურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი