ახალი ამბები

ეს ჩვენი თავის ტკივილია – საფრანგეთის მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე

10 მაისი, 2019 •
ეს ჩვენი თავის ტკივილია – საფრანგეთის მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადებით, საქართველო მშვიდობიან და უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა, რასაც ანომალიასა და საფრანგეთის თავის ტკივილს უწოდებს.

გიორგი გახარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა სწორედ საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფართა მაძიებლებზე და არაკანონიერი მიგრაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელ-დორადოზე. თუმცა, ზოგერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში მათ არ ხვდებათ ის პირობები, რომლებზეც ოცნებობდნენ. ჩვენ უკვე დავადექით ამ საკითხზე თანამშრომლობის გზას და ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ვებრძოლოთ თავშესაფრის უკანონოდ მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისთვის და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რადგან არ არის ნორმალური, საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით”.

კრისტოფ კასტანერის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა არანაირად ამართლებს ქართველების მხრიდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღებაზე გაზრდილ მოთხოვნას.

საქართველოში არ არის ომი. რა თქმა უნდა, ამის გამო საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველო მიიჩენვა როგორც საიმედო პარტნიორი. საქართველო არის დინამიკური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობა თქვენი ქვეყნიდან ერთგვარი ანომალიაა”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კასტანერის განცხადებით, საფრანგეთს არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა ადამინი, ვისაც სჭირდება დაცვა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გააგებინონ საოცნებო ქვეყანაში ცხოვრებაზე მეოცნებე ადამიანებს, რომ ეს ასე ადვილად ვერ მოხდება.

საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, საქართველოს მხრიდანაც იყო ინიციატივა და ფრანგულმა მხარემ უკვე დაიწყო რეგულარული მუშაობა საფრანგეთში ჩასული ქართველების თავიანთ სამშობლოში მარტივად დაბრუნების საკითხზე.

როგორც კრისტოფ კასტანერი ამბობს, ზოგიერთი ადამიანი საქართველოდან საფრანგეთში სამედიცინო თვალსაზრისით, სამკურნალოდ ჩადის, თუმცა, მინისტრის განცხადებით, დაავადებებისგან განკურნება მათ საქართველოშიც შეუძლიათ.

კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ამიერიდან მხოლოდ მათ მიიღებს ფრანგული მხარე სამკურნალოდ, ვისაც რეალურად სჭირდება მკურნალობა და საფრანგეთის დახმარება.

მინისტრის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეების განხილვა საქართველოსთან თანამშრომლობის პროცესს კიდვ უფრო გააღრმავებს:

რა თქმა უნდა, ამას დიდი ადამიანები და სოციალური პრობლემებიც უდგას გვერდით, რადგან ადამიანები ტოვებენ საკუთარ სამშობლოს გარკვეული იმედით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან”.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფრანგული მხარე მოხარულია, რომ რომ ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდიანრეობს. მისი განცხადებით, ორივე მხარე ერთად უნდა ებრძოლოს არაკანონიერ მიგრაციას.

კასტანერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავშესაფართა მაძიებლებსა და უკანონო მიგრაციის ინფორმაციას მხარეები ყოველთვიურად გაცვლიან. მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში, რათა შეწყდეს არაკანონიერი იმიგრაციის წყარო.

  • ფრანგმა კოლეგამ გიორგი გახარიას ბოლოს მადლობა გადაუხადა კარგი მასპინძლობისთვის და ისურვა, მხარეებმა უკანონო იმიგრაციის საკითხზე თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაონ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქართული მხარე მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ტერიტორიულ მთლიანობას უცხადებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა გამოწვევები, რომლებსაც ერთად უნდა უპასუხონ. მისი თქმით, პირველი გამოწვევა ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლაა, ხოლო მეორე მთავარი გამოწვევა სწორედ თავშესაფართა მაძიებლების პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის მექანიზმებია.

საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტი საქართველოში

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უწყების ცნობით, საფრანგეთთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო გიორგი გახარიას შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან – ჟერარ კოლომბთან, რომელიც ერთი წლის წინ ერთი წლის წინ პარიზში შედგა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად მათ შორის სატელეფონო საუბარი თვეში ერთხელ შედგება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ორივე მხარის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლისა და სამუშაო ვიზიტების მეშვეობით.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კრისტოფ კასტანერმა დადებითად შეაფასა ფრონტექსსა და ევროპოლთან არსებული თანამშრომლობა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.

მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმებიც დასახეს.

იხილეთ ასევე:

საფრანგეთში ქართველების დანაშაულებზე საქართველოს 2 ოფიცერი იმუშავებს – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი