ახალი ამბები

ივანიშვილს ათასობით ტაძარი აქვს მოხატული, მოსყიდვაზე საუბარი სასაცილოა – კობახიძე

9 მაისი, 2019 • 1023
ივანიშვილს ათასობით ტაძარი აქვს მოხატული, მოსყიდვაზე საუბარი სასაცილოა – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დასკვნას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ სამების ტაძრის მოხატვის დაფინანსების დაპირება ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილს ასობით ტაძარი აქვს აღდგენილი, ათასობით კი – მოხატული და ამ ფონზე ერთი ტაძრის მოხატვის დაპირების მოსყიდვად შეფასება “სასაცილოა”.

“როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და მოხატულია ათასობით ტაძარი და შენ დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს არის, უბრალოდ, სასაცილო. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ერთი ფაქტი დადონ გარდა ტაძრის მოხატვისა, ამ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად მოვეკიდოთ საიას დასკვნას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.

საია მოსყიდვად აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ილია მეორესთან, როცა ის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს დაჰპირდა, რომ ფონდი “ქართუ” სამების ეკლესიის მოხატვას სრულად დააფინანსებს.

მეორე შემთხვევაში, ანგარიშში ნახსენებია ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელ ხიბულაში, 29 მარტს, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა მოქალაქეებს მიმართა: გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება [ფული], მე გავაკეთებ. პირველ რიგში, წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა…”

“„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს უსასყიდლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას ჰპირდება, რაც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას”, – წერს “საია”.

საია “ოცნებისა” და “გირჩის” მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი