ახალი ამბები

“ქართუ” სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს” – ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

11 აპრილი, 2019 • 1535
“ქართუ” სამების მოხატვას სრულად დააფინანსებს” – ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს, შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, 11 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილი პატრიარქს დაჰპირდა, რომ ფონდი “ქართუ” სამების ტაძრის მოხატვას სრულად დააფინანსებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად ივანიშვილმა და პატრიარქმა “ხალხის პრობლემებსა” და “ოჯახის სიმტკიცის დაცვაზე” იმსჯელეს.

“სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს სამების ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელთაც “ქართუ ბანკი” აფინანსებს.

“ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი