ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვაკის პარკის კიბეზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

9 მაისის აქციებზე დაკავებული 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიციამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 5 პირი დააკავა, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი, ხოლო 1 გააფრთხილა.

“პოლიციამ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო 1969 წელს დაბადებული თ. ფ. კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო საქართველოს კანონის “თავისუფლების ქარტიით” გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა. სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათ მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება გრძელდება. შსს-ს ცნობით, საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.