ახალი ამბები

ავსტრიაში მცხოვრები ნინი წიკლაური ევროპარლამენტის არჩევნებში იყრის კენჭს

8 მაისი, 2019 • 3276
ავსტრიაში მცხოვრები ნინი წიკლაური ევროპარლამენტის არჩევნებში იყრის კენჭს

ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში ავსტრიიდან კენჭს იყრის წარმოშობით ქართველი ნინი წიკლაურიც. ის ქვეყანაში მოქმედი პროევროპული, ლიბერალური პოლიტიკური პარტიის სიის ხუთეულშია.

პარტია “ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი”(NEOS), რომლის სახელითაც ის იბრძვის, 2012 წელს დაფუძნდა. ის ევროპარლამენტის “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” წევრია. წინასწარი გამოკითხვებით, NEOS-ს ევროპარლამენტში მანდატის მოპოვების შანსი აქვს.

ნინი წიკლაური საქართველოში დაიბადა 1992 წელს.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ფონზე, მშობლებმა ქვეყანა მალევე დატოვეს და საცხოვრებლად ჯერ უნგრეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდნენ. ამჟამად ნინი წიკლაური ვენაში ცხოვრობს და პოლიტიკურ ასპარეზამდე სამსახიობო და მუსიკალურ საქმიანობასაც ეწეოდა.

ბიოგრაფიის მიხედვით, ევროპარლამენტარობის კანდიდატს პოლიტიკისადმი ინტერესი მოზარდობიდანვე ჰქონდა. 15 წლის იყო, როცა 2008 წელს ერთ-ერთ ახალგაზრდულ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მივიდა და სთხოვა, ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს დახმარებოდა.

2008 წელს ნინი მშობლებთან ერთად პირველად ესტუმრა საქართველოს 6-წლიანი პაუზის შემდეგ. მათ ვიზიტს რუსეთ-საქართველოს ომი დაემთხვა, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ კი ადგილობრივ მედიას საქართველოში რუსეთის ქმედებების შესახებ უამბო. როგორც ამბობს, მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტმა 2017 წელს სამოქალაქო მოძრაობის “ევროპის პულსი – ვენა” დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი პროექტის “ევროპის ლაბორატორია – ავსტრია” თანადამფუძნებელიც გახდა.

“ევროკავშირი ცივილიზაციური, უპრეცენდენტო მიღწევაა ადამიანთა ისტორიაში. გამოწვევამ, ამ იდეის წარმატებულად შესრულებისა და განვითარებისა, მომცა მოტივაცია, მოვსულიყავი პოლიტიკაში…” – აცხადებს ის და თავის მთავარ მისიას უსვამს ხაზს, რომლის შესრულებაც ევროპარლამენტში სურს:

“მეტი უფლებები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმაცია, მეტი მონაწილეობა და შედეგად – მეტი ნდობა ევროკავშირისადმი”.

ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი