ირანმა განაცხადა 2015 წელს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შესახებ. შესაბამისი ცნობა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, დღეს, 8 მაისს, ტელემიმართვისას გაახმიანა. აღნიშნულს წინ უძღოდა 2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლისა და ირანისთვის ახალი სანქციების დაკისრების შესახებ.
პრეზიდენტმა რუჰანიმ 60 დღე მისცა ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილი ევროპული ქვეყნების ლიდერებს, შეამსუბუქონ შეზღუდვები ირანის საბანკო და ნავთობის სექტორზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგი დებულებების შესრულების შეწყვეტა დააანონსა.
ულტიმატუმის ვადის ათვლა უკვე დაიწყო, თუმცა რუჰანის განცხადებიდან ცნობილი გახდა შეთანხმების დეტალები, რომელთა შესრულებასაც ირანი ამ კვირიდანვე შეწყვეტს. თუ დოკუმენტის თანახმად თეირანს გამდიდრებული ურანის სხვა ქვეყნებში ექსპორტი ევალებოდა, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად მისი გამოყენების საშუალებას უზღუდავდა, ამიერიდან ქვეყანა თავისთვის დაიტოვებს მას. ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ევროპის მხრიდან რუჰანის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ირანი ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ ლიმიტებსაც მოხსნის და არაკის მძიმე წყლის რეაქტორის განვითარებას განაგრძობს.
“ჩვენ არ გვინდა შეთანხმების დატოვება. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღევანდელი დღე შეთანხმების დასასრული არ არის. დღეს მის ჩარჩოში ახალი ეტაპი დაიწყო”, – თქვა რუჰანიმ.
ირანმა ზემოაღნიშნულის შესახებ შეთანხმებაში დარჩენილი ქვეყნები – საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი – უკვე გააფრთხილა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა კი “ტვიტერზე” დაწერა, რომ აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლით მისი პირობები დაარღვია და ახლა ირანი იმ დებულებების შესრულებას წყვეტს, რომელთა გაგრძელებაც ტრამპის ამ ნაბიჯმა შეუძლებელი გახადა.
ირანის გადაწყვეტილებას დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები მალევე გამოეხმაურნენ. რუსეთშიც და ჩინეთშიც თქვეს, რომ მომხდარის მიზეზი ვაშინგტონის გასვლაა შეთანხმებიდან.
ბრიტანეთის პრემიერის, ტერეზა მეის სპიკერმა თეირანის ნაბიჯს “კრიტიკული” უწოდა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეფასებით კი, გადაწყვეტილება “მისასალმებელი არ არის”.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების მუქარაზე ღრმა შეშფოთება გამოხატა და შესაძლო სანქციებზე ისაუბრა, თუ შეთანხმება დაირღვევა.
“ღრმად შეშფოთებულია” გერმანიაც, რომლის საგარეო უწყებაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
აშშ-მა ბირთვული შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში ოფიციალურად დატოვა. დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დროს გაფორმებულ დოკუმენტს ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა და გამარჯვების შემთხვევაში, მისი გაუქმების პირობას დებდა. აშშ-ის პრეზიდენტი მას ცალმხრივსა და დამღუპველს უწოდებდა და ამბობდა, რომ არ დაუშვებდა, აშშ “ბირთვული შანტაჟის მძევალი” გამხდარიყო.
ვაშინგტონის შეთანხმებიდან გასვლით, ავტომატურად განახლდა აშშ-ის სანქციები ირანის მიმართ: შეზღუდვები წესდება ირანის მთავრობის მიერ ამერიკული დოლარის გამოყენებაზე, ოქროთი და სხვა მეტალებით ვაჭრობაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ გაყიდვებზე, ირანული რიალის გამოყენებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ირანის ავტომობილების სექტორზე და სხვ. სანქციები ირანის ცენტრალურ ბანკს, პორტებს, სადაზღვეო და საფინანსო სექტორებსაც შეეხება.
აღნიშნულმა ფაქტმა ირანის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე უარესად იმოქმედა: ეროვნული ვალუტა რეკორდულად დაეცა, ინფლაციის დონე გაიზარდა, ინვესტიციები კი შემცირდა.
ბირთვული შეთანხმება, ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი- მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას.