ახალი ამბები

შეთანხმება დასრულებულია – აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები კვლავ აამოქმედა

7 აგვისტო, 2018 • 3437
შეთანხმება დასრულებულია – აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები კვლავ აამოქმედა

აშშ-მ ირანს სანქციები ისევ დაუწესა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისთანავე აანონსებდა, დღეს, 7 აგვისტოს კი, სანქციები ოფიციალურად შევიდა ძალაში.

სანქციათა ახალი პაკეტი მრავალ მიმართულებას მოიცავს. შეზღუდვები წესდება ირანის მთავრობის მიერ ამერიკული დოლარის გამოყენებაზე, ოქროთი და სხვა მეტალებით ვაჭრობაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ გაყიდვებზე, ირანული რიალის გამოყენებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ირანის ავტომობილების სექტორზე და სხვ. CNN-ის ცნობით, სანქციები ირანის ცენტრალურ ბანკს, პორტებს, სადაზღვეო და საფინანსო სექტორებსაც შეეხება.

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დროს გაფორმებულ შეთანხმებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა და გამარჯვების შემთხვევაში, მისი გაუქმების პირობას დებდა. აშშ-ს პრეზიდენტი მას ცალმხრივსა და დამღუპველს უწოდებდა და ამბობდა, რომ არ დაუშვებდა, აშშ “ბირთვული შანტაჟის მძევალი” გამხდარიყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მაისში აშშ-მ შეთანხმება ოფიციალურად დატოვა.

სანქციების ამოქმედებას უკვე გამოეხმაურა როგორც ირანი, ისე აშშ-ს ევროპელი მოკავშირეები. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ტრამპის ადმინისტრაცია ფსიქოლოგიურ ომში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში სურთ, ირანელ ხალხში სკეპტიციზმი გააჩინონ. თუმცა, რუჰანიმ ტრამპთან მოლაპარაკების მზადყოფნაც გამოთქვა. ბირთვული შეთანხმების სხვა ხელმომწერებმა კი, მათ შორის, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სანქციათა ამოქმედების გამო “ღრმა მწუხარება” გამოთქვეს. ევროკავშირის განცხადებით, ირანთან ევროპული ქვეყნების ბიზნესების დასაცავად კანონიერ ნაბიჯებს გადადგამს.

სპეციალისტები უკვე მსჯელობენ, როგორ აისახება სანქციები ირანის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ არეულობას დაემთხვა. ირანული რიალის გაუფასურების, უმუშევრობისა და ინფლაციის პირობებში, ქვეყანაში ბოლო 1 თვეში საპროტესტო ტალღა ორჯერ აგორდა. აქციები სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება.

ბირთვული შეთანხმება, ერთის მხრივ, ირანს, მეორეს მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი