ახალი ამბებისამართალი

ადვოკატი: ნიჟარაძე ხალვაშის მოწინააღმდეგეა – სტრასბურგში გასაჩივრება დაგვასწრეს

7 მაისი, 2019 •
ადვოკატი: ნიჟარაძე ხალვაშის მოწინააღმდეგეა – სტრასბურგში გასაჩივრება დაგვასწრეს

“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის 91%-იანი წილის მფლობელების, ძმები ყარამანიშვილების ადვოკატებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება უბრალოდ დაასწრეს, თორემ ისიც ქიბარ ხალვაშის მოწინააღმდეგე მხარეა.

როგორც გიორგი ყავლაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ქიბარ ხალვაშთან დავაში ნინო ნიჟარაძე ჩვეულებრივად მონაწილეობდა და ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციოში, ხოლო მოგვიანებით სააკასაციო საჩივარიც შეიტანა უზენაეს სასამართლოში.

იმის შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ძალიან სწრაფად იმ იურისტების [ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები] მიერ ეს გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა მიიღო დროიებითი გადაწყვეტილება. ანუ, ქალბატონ ნინოსაც, როგორც სხვა მეწილეებს, ზუსტად იმ შედეგის დადგომა სურდა, რა შედეგიც დადგა სტრასბურგში. ორ-სამ დღეში ეს შედეგი უკვე არსებობდა. ერთადერთი, ქალბატონ ნინოს და მე, როგორც მის ადვოკატს, თუ დამადანაშაულებთ, არის ის, რომ იმ ორ დღეზე ჩქარა ვერ ვიმოქმედეთ, ვიდრე იმოქმედეს  [ძმები ყარამანიშვილების ადვოკატებმა]”,- განაცხადა გადაცემა “რეაქციაში” გიორგი ყავლაშვილმა.

გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, სანამ არ აღსრულდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მეწილეებად რჩებიან ნინო ნიჟარაძე და ძმები ყარამანიშვილები:

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ქალბატონ ნინოს ყველა უფლება შენარჩუნებული აქვს, როგორც მეწილეს, მათ შორის, თავისი პრეტენზიების და თავისი უფლებების დაცვის და გამოხატვის უფლება”.

კითხვაზე, ხომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ ნინო ნიჟარაძე “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მორიგ იარაღად და სათადარიგო მოთამაშედ, გიორგი ყავლაშვილი პასუხობს:

პირველ რიგში, უნდა მივდიოთ ფაქტებს. სარჩელი, რომელიც შევიტანეთ, არამც და არამც არ შეეხება და არ უპირისპირდება ტელეკომპანიას, პირიქით – სარჩელით მოთხოვნილია თანხების დაკისრება ტელეკომპანიის სასარგებლოდ. ანუ, თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ხელისუფლების ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს ტელეკომპანია, მისი სარედაქციო პოლიტიკა და სხვადასხვა საკითხები, რასაც ჩვენ ვემიჯნებით და ნამდვილად არ ვართ მონაწილე ამდაგვარი სურვილების, თუკი ასეთი ბუნებაში არსებობს, ეს შემთხვევა განსხვავდება ყოველგვარი მსგავსი რიტორიკისა და სიტუაციისაგან იმით, რომ აქ პირიქით, თანხები მოთხოვნილია ტელეკომპანიის სასარგებლოდ. მოპასუხეს წარმოადგენენ ტელეკომპანიის მაჟორიტარი პარტნიორები და ტელეკომპანიის დირექტორი”.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნინო ნიჟარაძე არ ითხოვს ამ თანხას ტელეკომპანიისგან. მისი თქმით, თანხას ითხხოვს ტელეკომპანიის დირექტორისგან და მისი მოწილეებისგან.

ყავლაშვილის განცხადებით, თანხა, რომელსაც ითხოვს ნიჟარაძე, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, გახდება “რუსთავი 2”-ის საკუთრება.


“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძისგან.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.


არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მორიგი სასამართლო დავა არა მარტო “რუსთავი 2”-ის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ქვეყანაში.

ვრცლად:

მორიგი დავა საფრთხეს უქმნის რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას – NGO-ები

მასალების გადაბეჭდვის წესი