ახალი ამბებისამართალი

მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი არ არსებობს – ადვოკატი

7 მაისი, 2019 • 1873
მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი არ არსებობს – ადვოკატი

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, აცხადებს, რომ ინფორმაცია ჯერ არ აქვს სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ჩანაწერის გავრცელებით უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ადვოკატის თქმით, მიუხედავად უთანასწორო ომში მონაწილეობისა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.

კუბლაშვილი სუს-ში დღეს მორის მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც, ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვისას რამდენჯერმე გახდა ცუდად.

მოვაწერე ხელი საქმეს და გავეცანით მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ვისაუბრო საქმის მეტ დეტალებზე. ვინ გამოაქვეყნა და როდის გამოქვეყნა ჩანაწერი, არ მომისმენია:

მიმაჩნია, რომ არც იარსებებს დღევანდელი გამოკითხვიდან გამომდიანრე. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. შესაბამისად, იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავენ, ძალიან ადრეა. მე არ მომისმენია ეს ინფორმაციები და ჩანაწერები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, და ნაადრევია ამაზე საუბარი. ინფორმაცია არ გვქონია აქამდე და არც დღეს მაქვს ჩანაწერზე. უბრალოდ, ყურმოკრულად ვიცი. ამიტომ მე მესაჭიროება, გავეცნო საქმის მასალებს და ვნახო, რომელიც ჯერ არ მინახავს”.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირიდან წაიყვანეს, რის შესახებაც კითხვის დასმის დროს ადვოკატს არ ჰქონდა ინფორმაცია:

ძალიან ცუდი, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი წაიყვანეს. არ ვიცი, სად შეიძლება წაეყვანათ, რადგან ჩვენ დილის 11:00 საათიდან ვიმყოფებოდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. ადგილზე იმყოფება მისი ცოლი, მედიკო მარგოშვილი. გავეკრვევი, სად არის. აუცილებლად წავალ პირდაპირ მალხაზ მაჩალიკაშვილთან. ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი და მიუხედავად ამისა, დაკითხვისას დღეს რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან და რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. ამიტომ არსებობს მაღალი ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი. ეს მისთვის სხვა მხრივაც ძალიან არის დატვირთული ემოციურად. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლავთ ის, თუ რატომ ვერ წარმოვადგინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე”.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურში დღეს დატოვა შუამდგომლობა მაჩალიკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: “იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მისვლა სუს-ში, რაღაც ფორმით, თუნდაც ერთი საათით და გარკვეული დროის შესვენებით, შეიძლება ეს მოხერხდეს”.

ადვოკატის განცხადებით, სასწრაფოდ დასაკითხი არ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა უსაფრთხოების შენობიდან გამოსვლის შემდეგ “სხვა ინფორმაციები” დახვდა.

მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის სხვა პირების მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე სხვა პირების ინტერესებსაც დაიცავს.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
  • მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მის ნათესავთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი