ახალი ამბები

ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება – კალაძე R2-ის საქმეზე

7 მაისი, 2019 • 868
ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება – კალაძე R2-ის საქმეზე

ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება, – ამ განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

თბილისის მერის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას ამ სარჩელის შესახებ და გამორიცხავს ოპონენტების ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლება ცდილობდეს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი… თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება”, – განაცხადა კახი კალაძე.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავას, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ მისი პრეროგატივა არ არის, შევიდეს საქმის დეტალებში.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძისგან.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი