რა შეცდომები დაუშვეს პილოტებმა – ყველაფერი, რაც ვიცით “აეროფლოტის” ავიაკატასტროფაზე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე გამოკვეთა ის ძირითადი ვერსია, რამაც გამოიწვია რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია “აეროფლოტის” სამგზავრო თვთმფრინავის კატასტროფა. ავიაკომპანიის რუსული წარმოების თვითმფრინავი SSJ 100 5 მაისს ავარიულად დაეშვა მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გადარჩა 37 ადამიანი, დაიღუპა 41.

რუსულმა მედიასაშუალება “კომერსანტმა” გამოძიების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იმ ძირითად ვერსიაზე დაწერა, რომელსაც კატასტროფის მიზეზად განიხილავენ. წყაროს ცნობით, კატასტროფის უმთავრეს მიზეზად სახელდება პილოტების არაერთი შეცდომა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა სამაშველო-სახანძრო სამსახურის დაგვიანებულმა რეაგირებამ.

“აეროფლოტის” თვითმფრინავი მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტიდან მურმანსკის მიმართულებით 5 მაისს, ადგილობრივი დროით 18:02 საათზე აფრინდა. დაახლოებით 14 წუთში ხომალდის მეთაურმა, დენის ევდოკიმოვმა ავიამეთვალყურეებს აცნობა, რომ თვითმფრინავს დაეცა მეხი, რის გამოც მოითხოვა უკან, აეროპორტში დაშვება. ამის შემდეგ გაითიშა თვითმფრინავის ელექტრონული მართვის სისტემა და რადიოგადამცემი, რის გამოც პილოტები სამეთვალყურეო კოშკს სარეზერვო სიხშირით უკავშირდებოდნენ, თუმცა ეს კავშირიც ხარვეზიანი იყო. ჰაერში რამდენიმე წრის შესრულების შემდეგ თვითმფრინავი სპეციალურად მისთვის გათავისუფლებულ ბილიკზე დაეშვა. დაშვების ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ მიწასთან პირველი შეხების შემდეგ თვითმფრინავი ოდნავ იწევა ზემოთ და შემდეგ ძლიერად ენარცხება დასაფრენ ბილიკს. ცეცხლი სწორედ ამ დროს ჩნდება.


როგორც კომერსანტი წერს, ხომალდის მეთაურმა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა:

  • პილოტის უმთავრესი შეცდომა იყო შტორმის ღრუბლებში გავლა და მარშრუტის არშეცვლა. სწორედ ამ ღრუბლებში შესვლისას დაეცა მეხი თვითმფრინავს. როგორც წესი, თანამედროვე თვითმფრინავებისთვის მეხის დაცემა კატასტროფას არ ნიშნავს და სწორი მოქმედების შემთხვევაში ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელია;
  • მეხის დაცემის შედეგად ელექტროსისტემის გათიშვის შემდეგ ლაინერის მართვა მთლიანად პილოტების პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული. მეთაურს შეეძლო თვითმფრინავის ჰაერში კიდევ უფრო დიდხანს დაყოვნება და საწვავისგან ავზების დაცლა, რაც არ გააკეთა. თვითმფრინავის ავზები სავსე იყო საწვავით. შესაბამისად, ის დამძიმებული იყო;
  • თვითმფრინავის დაშვებისას გათიშული იყო მნიშვნელოვანი ავტომატური სისტემები, მათ შორის, სისტემა, რომელიც აკონტროლებს თვითმფრინავის დაშვების კუთხეს და უზრუნველყოფს ბალანსს, ასევე, სიმძლავრის მაკონტროლებელი. პილოტებს კი არ ეყოთ პროფესიონალიზმი, აღნიშნული ქმედებები დამოუკიდებლად შეესრულებინათ, რის გამოც დაშვება იყო “უხეში”. თვითმფრინავი ძლიერად დაენარცხა დასაფრენ ბილიკს, დაზიანდა შასი, ავზიდან საწვავმა დაიწყო გადმოღვრა, რის შედეგადაც ძრავებსა და ლაინერის უკანა ნაწილი ცეცხლში გაეხვა (თვითმფრინავი საწვავისგან რომ ყოფილიყო დაცლილი, ხანძრის გაჩენის შანსი გაცილებით მცირე იქნებოდა). თვითმფრინავის უკანა ნაწილში მყოფი მგზავრების დიდმა ნაწილმა, სავარაუდოდ, სწორედ მიწაზე დანარცხებისას მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანებები და გაჩენილ ხანძარს თავი დამოუკიდებლად ვერ დააღწია – მათ ამის შანსიც არ ჰქონდათ;

რა თქმა უნდა, აღნიშნული არ არის გამოძიების ოფიციალური ვერსია. კატასტროფის გამოძიებას, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს და ზუსტი მიზეზები სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა.

პილოტების შეცდომის გარდა, რუსული მედიასაშუალებების ნაწილი წერს სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ ქმედებაზე. გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ ავარიულად დაშვებულ თვითმფრინავს ადგილზე არ ხვდებიან სახანძრო მანქანებით და ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდნენ. თვითმფრინავიდან თავის დაღწევა მხოლოდ 37-მა ადამიანმა შეძლო, მათ შორის არიან პილოტები და ბორტამცილებლები. გადარჩენილები ამბობენ, რომ ისინი ბორტგამცილებლების სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა სიკვდილს. საუბრობენ ერთი ბორტგამცილებლის გმირობაზეც, რომელიც მგზავრების გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავად ვერ შეძლო ალმოდებული თვითმფრინავიდან გამოღწევა.

სავარაუდოა, რომ მგზავრების ნაწილს ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან გამოსვლაში ძალაუნებურად ხელი შეუშალეს იმ მგზავრებმა, რომლებმაც ევაკუაციისას თან ბარგის გამოტანა სცადეს. ვიდეოზე, რომელიც ევაკუაციის პროცესს ასახავს, არაერთი ადამიანია ასახული, რომელიც თვითმფრინავს ბარგით ტოვებს. ავიაუსაფრთხოების უპირველესი წესია, რომ ევაკუაციის მგზავრებმა თვითმფრინავი ბარგის გარეშე დატოვონ, რადგან ბარგის გამოტანა აფერხებს ევაკუაციის პროცესს და გადარჩენისთვის გადამწყვეტ წამებს ართმევს ადამიანებს.


SSJ 100

Sukhoi Super Jet 100  რუსული წარმოების ახალი თვითმფრინავია, რომელსაც პრობლემები გამოშვების დღიდან ახლავს თან. ამ თვითმფრინავებს ძირითადად რუსული ავიაკომპანიები ყიდულობენ. თვითმფრინავის ერთადერთმა ევროპულმა დამკვეთმა, ირლანდიურმა “City Jet-მა” საბოლოოდ უარი თქვა ლაინერის ყიდვაზე.

Rusaviainsider.com-ის ცნობით, რუსული SSJ 100-ის უმსხვილესი დამკვეთი აეროფლოტია. ავიაკომპანია ფლობს ამ მოდელის 50 თვითმფრინავს (დამწვარი თვითმფრინავის ჩათვლით) და დამატებით 100 უკვე შეკვეთილი აქვს. 22 SSJ 100-ს ფლობს მექსიკური ავიაკომპანია Interjet, რუსული  Yamal Airlines – 15, Gazprom Avia – 10, Azimur Airlines – 9, IrAero – 9.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ავიამარეგულირებელმა ავიაკომპანიებს არაერთხელ შეატყობინა ტექნიკური პრობლემების შესახებ, რაც აღნიშნულ სამგზავრო თვითმფრინავს აღმოაჩნდა, თუმცა თვითმფრინავის გამოყენება არ აუკრძალავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრობლემა უკავშირდება თვითმფრინავის დეტალებს, რომელიც ტიტანისგან მზადდება, თუმცა გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც აღნიშნული დეტალი ტიტანის ნაცვლად უფრო იაფფასიანი მეტალისგან იყო დამზადებული. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროპული ავიაკომპანიები უარს ამბობენ ამ ახალი თაობის თვითმფრინავის ყიდვაზე, არის ნაწილების სიძვირე, დეფიციტი და ასევე მომსახურე პერსონალის კვალიფიციურობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.